საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. შსს-ს ცნობით, სპეცოპერაცია ქალაქ რეიმსა და მის შემოგარენში ჩატარდა. დაკავებულია 4 პირი. მათ ქურდულ სამყაროსთან აქვთ კავშირი და ჯგუფურად რამდენიმე ქურდობა ჩაიდინეს.
“დაკავებულები არიან: 1989 წელს დაბადებული ჯ.შ., 1992 წელს დაბადებული თ.გ., 1983 წელს დაბადებული თ.ხ. და 1987 წელს დაბადებული, “ქურდული სამყაროს” წევრი – ბ.ჩ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები სისტემატურად ქურდავდნენ მაღაზიებსა და კომერციულ ცენტრებს. ისინი წინასწარ არჩევდნენ გასაქურდ ობიექტს, მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ მონაცემებს, შემდეგ კი აღნიშნული ობიექტებიდან სხვადასხვა ნივთს იპარავდნენ. დადგენილია, რომ დაკავებულები ქურდობის 17 ფაქტში ფიგურირებენ.
სამართალდამცველებმა საფრანგეთში, ბრალდებულების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს: დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთები და სხვადასხვა ბრენდის ტანსაცმელი, ეტიკეტის მოსაშორებელი სპეციალური დანა, ხელნაკეთი ქამარი, რომელშიც მოპარული ნივთებს მალავდნენ, ასევე, ქურთუკი, რომელშიც მოთავსებულია ნაქურდალის დასამალი ალუმინის ყუთი, მეხსიერების ბარათი, სადაც განთავსებულია სხვადასხვა პირის ბერძნული და ლიეტუვური დოკუმენტები, ფულის გადარიცხვების დოკუმენტები და მოპარული ლეპტოპი.
საქართველოს დაკავებულ მოქალაქეებს საფრანგეთის სსკ-ს 312-ე და 450-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები ედებათ ბრალად, რაც ჯგუფურად არაერთგზის ჩადენილ ქურდობას, მოპარული ნივთების შენახვა-რეალიზაციას და კრიმინალური დაჯგუფების წევრობას გულისხმობს,” წერია განცხადებაში.
საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლიდან დღემდე, ფრანგ, ბერძენ, ესპანელ და პოლონელ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 20 მასშტაბური ერთობლივი ოპერაცია ჩაატარა, რომელთა შედეგად, მძიმე დანაშაულების ბრალდებით დააკავეს საქართველოს 137 მოქალაქე, მათ შორის 9 ე.წ. “კანონიერი ქურდი”.