“საფრთხე მედიისა და პოლიტიკური დისკუსიის თავისუფლებისთვის” – ბოკერია კანონში შესატან რეგულაციებზე

„ეს არის პირდაპირი საფრთხე მედიისა და პოლიტიკური დისკუსიის თავისუფლებისთვის, რომელსაც ამართლებენ, ვითომ კეთილშობილური დროშით სიძულვილის ენის წინააღმდეგ,“ –  „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ხელისუფლების ახალ ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სიძულვილის ენის წინააღმდეგ  “მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებები უნდა შევიდეს.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ახალი რეგულაცია, სინამდვილეში თავისუფალი მედიის და ოპოზიციის დევნის ახალი გეგმაა.

„მაშინ, როდესაც ყველამ ვიცით, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი არიან სიძულვილის მებაირახტრეები. სიძულვილის ენას სჭირდება თვითრეგულირება და პოლიტიკური პრინციპები და არა სახელმწიფოს ჩარევა. ჩვენ ვნახეთ საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის დროს, რომ მარეგულირებელმა კომისიამ სცადა აკრძალვა სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო კლიპების. მაშინ, როდესაც საკანონმდებლო საბაბიც კი არ ჰქონდათ. ახლა უნდათ, რომ შექმნამ ეს საბაბი, რომ ეფექტურად შეზღუდონ სიტყვის, მედიის, პოლიტიკური დისკუსიის, პოლიტიკური ოპონენტების სიტყვის თავისუფლება საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში. მოქმედებენ სრულიად უტიფრად. ვიცით, რომ საქართველოს გააჩნია დღეს სამაგალითო კანონმდებლობა სიტყვის და პრესის თავისუფლების თვალსაზრისით. ახლა მათ სურთ, ეს საფუძველი გამოაცალონ ჩვენს დემოკრატიას იმიტომ, რომ შეშფოთებულები არიან საპარლამენტო არჩევნების წინ

ხელისუფლებამ გამოგვიცხადა, რომ სრულიად უკომპრომისო, აბსოლუტურ დაპირისპირებაზე მოდის და უნდათ, რომ მოასწრონ ეს საარჩევნო შემდეგი სეზონის დაწყების წინ. ჩვენ უნდა მივიღოთ ეს გამოწვევა და ყველა დემოკრატიული და კანონიერი მეთოდით დავუპირისპირდეთ მათ და მძიმე პოლიტიკური ფასი დავუჯინოთ. რადგან აირჩიეს სრული კონფრონტაცია საზოგადოებასთან და დემოკრატიულ ოპოზიციასთან, ჩვენ უნდა მივიღოთ და ვიღებთ ამ გამოწვევას. მათ არ მოსწონთ დღევანდელი კანონმდებლობა იმიტომ, რომ ის იცავს პოლიტიკური ოპონენტის, მედიის, ჟურნალისტის თავისუფლებას და რთულია, ხელისუფლებამ ამ კანონმდებლობის დაცვით შეზღუდოს კრიტიკა,“ – განაცხადაბოკერიამ.

არსებული კანონმდებლობით, თუ რომელიმე მაუწყებელი სიძულვილის ენას გამოიყენებდა, საკითხს თვითრეგულირების ორგანო განიხილავდა, კანონში ცვლილების შეტანის შემდეგ კი საქმე სასამართლოში გადაინაცვლებს.