„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიხეილ კალანდიას დაკავებას გამოეხმაურა.
კაპანაძის თქმით, დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობის დაწყებისთანავე გასცა რეკომენდაცია, რომ მიხეილ კალანდია უნდა დაეკავებინათ.
„შს სამინისტრომ დააკავა მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის ფაქტში თანამონაწილეობის ბრალდებით. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს იყო ის მთავარი რეკომენდაცია დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გამოსცა შარშან. სამწუხაროა, რომ ამდენის ხნის განმავლობაში შს სამინისტრო ამ ნაბიჯს არ დგამდა და პროკურატურას ბრალი არ ჰქონდა წაყენებული. ჩვენ კომისიის მუშაობის დაწყებისთანავე იმ მასალების ანალიზის შედეგად, რომელიც ჩვენს ხელთ იყო, გამოვეცით რეკომენდაცია, რომ მას ბრალი უნდა წაყენებოდა. დღეს ეს მოხდა და იმედი მაქვს, ეს საქმე ბოლომდე იქნება მიყვანილი და მართლმსაჯულება შედგება. იმისთვის რომ ამ საქმეში სამართლიანობა ბოლომდე იყოს დაკმაყოფილებული, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დანარჩენი რეკომენდაციებიც რომელიც კომისიამ გასცა, იყოს შესრულებული. განსაკუთრებით ის რეკომენდაციები, რომელიც ეხება იმ ადამიანების პასუხისმგებლობას, რომლებიც ჯერ კიდევ მუშაობენ შს სამინისტროსა და პროკურატურაში და რომლებმაც ეს საქმე გააყალბეს თავის დროზე. ამდენ ხანს არ გაგრძელდებოდა საქმის ძიება, თავის დროზე რომ მომხდარიყო ეს მძიმე, არასამართლებრივი ჩარევა ამ საქმის გამოძიების და მიმდინარეობის პროცესში“,- განაცხადა კაპანაძემ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ კალანდია დღეს დააკავეს, შსს-ს ინფორმაციით, მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.