სახელმწიფო ქონების დიდი ოდენობით თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ხელვაჩაურის მერიის თანაშრომელი და სამშენებლო კომპანიის დირექტორი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ფაქტზე, კიდევ ერთი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც იყო ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით განახორციელა ახალშენის კულტურის სახლის შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რა დროსაც, უკანონო მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში, ხელოვნურად გაზარდა შესრულებული სამუშაოების მოცულობები, რითაც, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 37 787 ლარს.
გამოძიების პროცესში, ასევე დადგინდა, რომ სამუშაოების შესრულებაზე ზედამხედველობა ევალებოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელს, რომელიც თავისი მხრივ სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას, დაეხმარა კომპანიის დირექტორს სახელმწიფო თანხის მოტყუებით დაუფლებაში, ხოლო, კერძო საექსპერტო დაწესებულების ექსპერტმა გასცა ყალბი დასკვნა, თითქოსდა ობიექტზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოები შესაბამისობაში იყო დოკუმენტაციაში დაფიქსირებულ სამუშაოებთან.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე და 362-ე მუხლის მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.”-ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.