საგამოძიებო სამსახურმა ხორცისა და თევზის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიცირების ფაქტები გამოავლინა (ვიდეო)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კვების პროდუქტების ფალსიფიკაციის სამი ფაქტი გამოავლინეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ კახეთის რეგიონში განთავსებული სამი საწარმო ფალსიფიცირებულ ხორცის ნახევარფაბრიკატებს და თევზს აწარმოებდა, რომელთა შემადგენლობა არ შეესაბამებოდა ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების პროდუქცია, რომელსაც უტარდება შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.