“ორი მოსმენით, ძალიან მაღალი ლეგიტიმაციით აღნიშნულ კანონს ჰქონდა მხარდაჭერა, ამდენად აქ მხარდაჭერის პრობლემა არ გახლდათ, არამედ ტექნიკური პრობლემა იყო, ” – განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის ჩაგდებას გამოეხმაურა. ინიციატივა სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებს.
მარიამ ჯაშმა აბიტურიენტებს მიმართა და აღნიშნა რომ საგანგაშო არაფერია.
“მინდა მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს მივმართო და დავამშვიდო, რომ საგანგაშო არაფერია, აღნიშნულით არ იცვლება ის მოცემულობა და გადაწყვეტილება, რომელიც გუნდს აქვს მიღებული”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
„რამდენიმე ჩემმა კოლეგამ აღნიშნა კიდეც, რომ არსებობს დარბაზში ტექნიკური ხარვეზები აკუსტიკასთან მიმართებაში. ამდენად, ჩვენ გვაქვს ორი შესაძლებლობა. პირველი, არაუგვიანეს 16 აპრილისა დავაყენებთ განმეორებით კენჭისყრაზე.ასევე არ გამოვრიცხავთ, რომ დღესვე მოგვეცეს შესაძლებლობა რეგლამენტიდან გამომდინარე ხელახალი კენჭისყრა გაიმართოს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ კანონპროექტს ექნება მხარდაჭერა,” – აღნიშნა ჯაშმა.
შეგახსენებთ, პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებდა პარლამენტმა მესამე მოსმენით ჩააგდო, მიზეზი კი სხდომის დარბაზში არსებული ხმაური დასახელდა, რის გამოც დეპუტატებმა ვერ გაიგეს კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობა.
კანონპროექტს მხოლოდ 54 დეპუტატმა დაუჭირა მხარი და კენჭისყრის ამ შედეგით მისი დამტკიცება ვერ მოხდა.