საგანგებო სიტუაციების სამსახური ქვეყნის მასშტაბით 14 თებერვლიდან შენობა-ნაგებობების შემოწმებას დაიწყებს.
“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტები შემოწმებას 3 ეტაპად განახორციელებენ. პირველ ეტაპზე, შენობა-ნაგებობის შემოწმებისას გაიცემა რეკომენდაციები და ყველა მფლობელს მიეცემა გონივრული ვადა მათ შესასრულებლად. განმეორებითი შემოწმებისას სამსახური მოახდენს რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს. ხოლო მესამე, საკონტროლო შემოწმებისას, რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოხდება კანონით გათვალისწინებული სანქციების ამოქმედება. კრიტიკულად შეუსაბამო პირობების შემთხვევაში, საგანეგო სიტუაციების სამსახურს უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს და მოითხოვოს შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის შეჩერება,”-წერია განცხადებაში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ შემოწმებისას განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ სასტუმროებს (მათ შორის საოჯახო სასტუმროებს), სავაჭრო და გასართობ ცენტრებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ყველა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილს.
სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნის დარღვევა ან შეუსრულებლობა 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.