საგარეო საქმეთა მინისტრი პომპეოსთან შეხვედრაზე

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრას აფასებს. მინისტრის განცხადებით, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა დინამიურად ვითარდება. 

“ძალიან შინაარსიანი საუბარი მქონდა ამერიკის სახელმწიფო მდივანთან მაიკ პომპეოსთან. უაღრესად პოზიტიურად შეფასდა საქართველო-ამერიკა შორის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ვითარდება ძალიან მაღალი დინამიკით. ამის მაჩვენებელია ჩვენ ქვეყნებს შორის განვითარებული თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების კუთხით. აღინიშნა, რომ აუცილებელია ეს გზა მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდეს გამყარდეს და კონკრეტული ხელშესახებ შედეგში აისახოს”- გვანცა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პოლონეთში აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან გამართული შეხვედრის შეფასებისას.

მინისტრის განმარტებით, შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას და აღინიშნა რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებები, რომელსაც უკანასკნელ პერიოდში აქვს ადგილი.

“საუბრის დროს ამერიკის სახელმწიფო მდივანს დეტალურად ვაცნობე ის სიტუაცია, რომელიც შექმნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ის უკანონო ქმედებები, რასაც განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთის ფედერაცია მიმართავს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩვენი მოსახლეობის მიმართ. აღინიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა და ამერიკის შეერთებული შტატები როგორც ადრე ისე მომავალშიც კვლავ ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს მიმართ”, განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

დავით ზალკალიანის განცხადებით, მეზობლების მიმართ რუსეთის აგრესიული ქმედებს ვარშავაში მიმდინარე მინისტერიალზეც გაესვა ხაზი.

“კონფერენციის მსვლელობისას სახელმწიფო მდივანმა გააკეთა განცხადება, სადაც მკაცრად დაგმო რუსეთის უკანონო ქმედებები, როგორც უკრაინაში ისე საქართველოში და ჩვენი საუბრის დროს აღინიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ განაგრძობს რუსეთის ფედერაციასთან დღის წესრიგში ჩვენი საკითხის აქტუალურად წინ წამოწევას”. – განმარტა დავით ზალკალიანმა

გარდა ამისა, როგორც საქართველოს საგარეო უწყების ხელძღვანელმა განმარტა, ორმხრივი ასპექტების გარდა, საუბარი ასევე შეეხო მრავალმხრივ და გლობალურ საკითხებს, სადაც ვაშინგტონი და თბილისი ნაყოფიერად თანამშრომლობენ.

“უაღრესად პოზიტიური შეფასება მიეცა ასევე ჩვენ თანამშრომლობას გლობალური მნიშვნელობის საკითხებში და განსაკუთრებით პოზიტიურად იყო გამოყოფილი ვენესუელასთან მიმართებაში ჩვენი თანმხვედრი პოზიცია. მაიკ პომპეოს მხრიდან ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი მკაფიო მხარდაჭერა ყველა მიმართულებით იმ რეფორმების განხორციელების კუთხით რომელსაც საქართველო მთავრობა ახორციელებს და ეს თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო შეუქცევადი და მყარი გახდება”.

როგორც ცნობილია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ვარშავაში ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.