საგარეო საქმეთა სამინისტრო რეკომენდაციებს აქვეყნებს იმ პირებისთვის, რომლებიც მაღალი რისკის ქვეყნებიდან მგზავრობენ.
როგორც უწყების მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებშია აღნიშნული, შექმნილი ვითარების გამო საქართველოს საზღვრის კვეთისას დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები, რომელიც მგზავრებმა უნდა გაითვალისწინონ.
„თუ მგზავრობთ მაღალი რისკის ქვეყნიდან (ჩინეთი, ირანი, იტალია, კორეის რესპუბლიკა) უნდა დაიცვათ ქცევისა და ჰიგიენის შემდეგი წესები:
თვითმფრინავში ყოფნისას: ავსებთ სპეციალური კითხვარს თქვენი მოგზაურობის ისტორიის შესახებ; ბორტზე აუცილებელია ნიღბის ტარება, რომელიც უნდა შეიცვალოს ყოველ ორ საათში ახალი ნიღბით, ხოლო ძველი მოათავსეთ ნარჩენების პარკში;
მკაცრად დაიცავით პირადი ჰიგიენის წესები: კვების წინ დაიბანეთ ხელი წყლითა და საპნით, ან გამოიყენეთ ხელის დასამუშავებელი სპირტის შემცველი ხსნარი; ტუალეტით სარგებლობის შემდეგ დაიბანეთ ხელი წყლითა და საპნით, ან გამოიყენეთ ხელის დასამუშავებელი სპირტის შემცველი ხსნარი; მოერიდეთ ახლო კონტაქტს ადამიანებთან, ვისაც აღენიშნება ცხელება და ხველა; მოერიდეთ ცხვირზე, თვალსა და პირზე ხელის ხშირ შეხებას.
საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებისთვის: მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის არ არსებობის შემთხვევაში თავი შეიკავონ მოგზაურობისგან ჯანმო-ს მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში, კერძოდ ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზემოთხსენებულ ქვეყნებში მოგზაურობის შემთხვევაში, ან ზემოთხსენებულ ქვეყნებში ტრანზიტად ყოფნის შემთხვევაში, საქართველოს დაბრუნებისას ვალდებული ხართ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაექვემდებაროთ დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი ხართ გაიაროთ 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა.
სხვა ქვეყნების მოქალაქეობის მქონე პირებისთვის: უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც მიმდინარე პერიოდში მოგზაურობენ საქართველოში, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს საზღვრის კვეთისას დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები.
საქართველოში ჩამომსვლელი პირები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ან მოემგზავრებიან ჯანმო-ს მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების (ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იტალია, ირანი) გავლით: ექვემდებარებიან ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი არიან გაიარონ 14 დღიანი საკარანტინო პროცედურა ან უნდა წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) PCR მეთოდით შემოწმების ცნობა, რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში ამ სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ”, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ რეკომენდაციებში.