IX მოწვევის საქართველოს პარლამენტის 2019 წლის საგაზაფხულო სესია, რეგლამენტით დადგენილი წესით 5 თებერვალს გაიხსნება.
საკონსტიტუციო ცვლილებებისა და პარლამენტის ახალი რეგლამენტის საფუძველზე, პარლამენტის პლენარული სხდომა თბილისში მდებარე სასახლეში გაიმართება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ახალი რეგლამენტის თანახმად, პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას წარმოადგენს.
ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიში პარლამენტის მიერ გაწეულ საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობას, საგარეო მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოს, ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებს დაეთმობა.
საქართველოს პარლამენტის წევრები უკვე დღეს 15:00 საათზე თბილისში, პარლამენტის დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზში ბიუროს სხდომაზე შეიკრიბნენ.
საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, პარლამენტის ადგილსამყოფელია თბილისი და ქუთაისი. პლენარული სხდომები ქუთაისში ტარდება, კომიტეტების სხდომები კი ძირითადად, თბილისში. 2017 წელს მიღებულ ახალ კონსტიტუციაში, რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის ოქტომბერში არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, პარლამენტის ადგილსამყოფელი მითითებული აღარ არის. ამასთან, პარლამენტის მოქმედი რეგლამენტით, “პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი, პარლამენტის სასახლე.”
2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ საკანონმდებლო ორგანო თბილისიდან ქუთაისში გადავიდა. პარლამენტის ქუთაისის შენობაში მერვე მოწვევის პარლამენტმა 2012 წლის 21 ოქტომბერს დაიწყო მუშაობა. მსჯელობა და დებატები პარლამენტის კვლავ თბილისში დაბრუნების თაობაზე მაშინვე დაიწყო.