სახალხო დამცველი ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში პატიმრების ცემისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში პატიმრების ცემისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“2019 წლის 22 ოქტომბერს სოციალურ ქსელსა და მასმედიის საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია და ვიდეოჩანაწერი ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში პატიმრების ცემისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე.

სამწუხაროდ, აღნიშნული ინფორმაცია და ვიდეო მასალა კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ უმძიმეს მდგომარეობას.

წლების განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ერთ–ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხად რჩება მოქალაქეთა დაკავებები საოკუპაციო ხაზზე, პატიმართა ცემა, არასათანადო მოპყრობა და წამება დროებით იზოლატორებსა თუ საპყრობილეებში.

სახალხო დამცველი საზოგადოებას შეახსენებს, რომ სწორედ ცხინვალის იზოლატორში გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი, რაც სავარაუდოდ მის მიმართ განხორციელებული წამებისა და არასათანადო მოპყრობის შედეგი იყო.

ცხინვალის ციხესა თუ იზოლატორში პატიმართა გაუსაძლის მდგომარეობაზე სახალხო დამცველი წლებია თავის ყოველწლიურ ანგარიშებში საუბრობს. ასევე შეძლებისდაგვარად ყველა საერთაშორისო ფორმატს იყენებს რათა მაქსმალურად მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უმძიმესი მდგომარეობის შესახებ.

შექმნილი მძიმე ვითარება და გავრცელებული კადრები, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს მიეცეთ საშუალება დააკვირდნენ და შეისწავლონ ადამიანის უფლებების დარღვევების შემთხვევები კონფლიქტურ რეგიონებში. ამასთან საგულისხმოა, რომ წამების შემთხვევებზე ნებისმიერი სახელმწიფო უფლებამოსილია გამოიძიოს, ბრალი წაუყენოს, დასაჯოს ან ექსტრადირება განახორციელოს წამებაში ეჭვმიტანილი პირის, თუ ასეთი პირი მისი იურისდიქციის ქვეშ იმყოფება, მიუხედავად იმისა, თუ სად მოხდა დანაშაული, რომელი ქვეყნის მოქალაქეა დამნაშავე ან მსხვერპლი.

საქართველოს სახალხო დამცველი მიუთითებს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობაზე, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოზე, რომელიც საერთაშორისო სამართლით ვალდებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დაცვა.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ადამიანის უფლებათა დაცვით საერთაშორისო და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, არ დაიშუროს ძალისხმევა აღნიშნულ ფაქტზე ეფექტური გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯის უზრუნველსაყოფად; ასევე, უფრო მეტად გააქტიურდეს მოლაპარაკებები ოკუპირებულ ტეროტორიებზე ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების დაშვების საკითხის განხილვასთან დაკავშირებით”-აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.