სახალხო დამცველი პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის გამონათქვამს ეხმაურება. სომბუდსმენის შეფასებით, მსგავსი გამონათქვამი აძლიერებს დისკრიმინაციის წამახალისებელ სტერეოტიპებს ქალისა და მამაკაცისათვის განსაზღვრული გენდერული როლების შესახებ.
“სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მამუკა ხაზარაძეს, როგორც საჯარო პირს, რომელიც აქტიურად არის ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, რომ თავისი განცხადებებით არ მოახდინოს ქალი პოლიტიკოსების დისკრედიტაცია – სქესზე აპელირებით. პოლიტიკოს ქალთა მიმართ გაჟღერებული დისკრიმინაციული გამონათქვამები აკნინებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობას და აძლიერებს ქალის როლთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ არასწორ და დამამცირებელ სტერეოტიპებს.”- აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.