საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, ქუთაისის სასჯელაღსრულების N2 დაწესებულებაში არის ერთი პატიმარი, რომელიც ადმინისტრაციის მითითებით, სხვა პატიმრებს ფიზიკურად უსწორდება. სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა დაადგინა, რომ პატიმრების მიმართ დამამცირებელი მოპყრობა და ძალადობა დეესკალაციის ოთახშიც მიმდინარეობდა.
,,თანამშრომლები სამეურნეო სამსახურში ჩარიცხულ პატიმრებს მიმართავენ უხეშად და დამამცირებლად. მაგალითად, “ჩაიკმინდე ხმა”.
საღამოს, საკნების დაკეტვისას მიმართავენ ერთმანეთს ფრაზებით – “შეათრიე საკნებში,” და “შედენე საკნებში”, – აღნიშნულია ომბუდსმენის ანგარიშში.
რაც შეეხება გლდანის N8 დაწესებულებას, იქ მოთავსებული ერთ-ერთი პატიმრის თქმით, 2019 წელს, ციხის თანამშრომელმა 3-ჯერ ჩაარტყა მუშტი და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მისივე ინფორმაციით, იმავე თანამშრომელმა მის თანამესაკნესაც დაარტყა სახეში ხელი.
გლდანის ციხეში გამოკითხული რამდენიმე პატიმრის თქმით კი, დაწესებულების თანამშრომლებთან ხშირად მოსდით კონფლიქტი სამედიცინო მომსახურების მოთხოვნისას. კერძოდ, მათი ინფორმაციით, დაწესებულების თანამშრომლები უხეშად ესაუბრებიან, იწვევენ, ემუქრებიან პირობების გაუარესებით და იზოლირებით, ასევე საყვედურობენ, თუ რატომ აწუხებენ სამედიცინო პერსონალს სამედიცინო ჩივილებით.
რაც შეეხება N14 (გეგუთის ციხე) და N15 (ქსნის ციხე) დაწესებულებებს, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ აქ სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს მონიტორინგის დროს არ მიუღია ინფორმაცია თანამშრომლის მხრიდან პატიმრების მიმართ ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ.
თუმცა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქსნის ციხის ადმინისტრაციის ერთ-ერთი თანამშრომელი სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბრისას პატიმრების გარკვეულ კატეგორიას დამამცირებელი ტერმინებით მოიხსენიებდა.
ომბუდსმენის თქმით, ნახევრად ღია დაწესებულებებში გამოკითხული პატიმრები დაწესებულების ხელმძღვანელს და პერსონალს უარყოფითად არ ახასიათებდნენ. “სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, დახურულ დაწესებულებაში არსებული არაჯანსაღი გარემო, არამხოლოდ ხელს უშლის მსჯავრდებულთა ქცევის პოზიტიურ ცვლილებასა და რეაბილიტაციას, არამედ ზრდის პატიმართა გაღიზიანებას, რაც რიგ შემთხვევებში, პატიმრის მხრიდან დაწესებულების თანამშრომლის მიმართ აგრესიაში გადაიზრდება. არსებული ვითარება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ დაწესებულების თანამშრომლებს ესაჭიროებათ გადამზადება ისეთ საკითხებში, როგორიცაა კონფლიქტების პრევენცია, მედიაცია და პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის პრინციპები”, – აცხადებს ნინო ლომჯარია.
ომბუდსმენმა დღეს ორი დახურული ტიპის (N2 და N8) და ორი ნახევრად ღია ტიპის (N14 და N15) პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგის ვიზიტის შემდგომი ანგარიში გამოაქვეყნა. ამ ციხეებში სახალხო დამცველთან არსებული სპეციალური პრევენციული ჯგუფის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.