საქართველოს სახალხო დამცველი გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს, საგამონაკლისო წესით დაუშვან აპარატისთვის სავარაუდო სექსუალური და ფიზიკური ძალადობის საქმის მასალებზე წვდომა. საქმე ეხება დეპუტატის მიერ შესაძლო ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ფაქტს, რომელზეც საკრებულოს დეპუტატი ილია ჯიშკარიანია ბრალდებული.
სახალხო დამცველი აპარატის ინფორმაციით, მონიტორინგის ფარგლებში ნინო ლომჯარია საქმეში დაზარალებულად ცნობილ თამთა თოდაძეს და მის ადვოკატს შეხვდა.
„აღნიშნული საქმის თაობაზე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 2019 წლის 2 ოქტომბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტიდან და საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოდან გამოითხოვა ინფორმაცია მათი მხრიდან განხორციელებული რეაგირების თაობაზე.
აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველმა საქართველოს გენერალურ პროკურატურას ასევე სთხოვა საქმის სრულყოფილი შესწავლისთვის, საგამონაკლისო წესით, უზრუნველყოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის სისხლის სამართლის საქმის გაცნობა, თუმცა, პროკურატურამ აღნიშნულ თხოვნაზე უარი განაცხადა. საკითხის სიმძიმიდან და მგრძნობელობიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას საგამონაკლისო წესით დაუშვან სახალხო დამცველის აპარატისთვის საქმის მასალებზე წვდომა“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციაში.
სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს თითოეულ შემთხვევაზე დროული და ეფექტური რეაგირება განხორციელდეს.
„გარდა ამისა, სახალხო დამცველი მოუწოდებს პროცესში მონაწილე მხარეებს, ასევე მედიასაშუალებებს, იხელმძღვანელონ პროფესიული ეთიკის სტანდარტით, რათა არ ქნას ხელყოფილი დაზარალებულის ინტერესები.
საქართველოს სახალხო დამცველი, მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში განაგრძნობს აღნიშნული საქმის მონიტორინგს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.