სახალხო დამცველი უფლებამოსილების გაფართოებას მოითხოვს

 

{{ARTICLEIMAGE}}საქართველოს სახალხო დამცველი გამოძიების დასრულებამდე გარკვეული კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებზე მასალების გაცნობის უფლებას მოითხოვს.

 

შესაბამისი მიმართვა საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტს გაუგზავნა.

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, ბოლო წლებში აპარატმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქმეებს, რომელთა მიმართაც არსებობდა საზოგადოების ინტერესი კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით და ეფექტიანი გამოძიების შესახებ სახელმწიფოს პროცედურული ვალდებულების შესრულებას ეხებოდა. ამ საქმეების შესწავლა ინდივიდუალური დაშვების ფარგლებში მოხდა და კარგად წარმოჩინდა ის უპირატესობა, რაც მიმდინარე საქმის მასალების გაცნობას ახლავს ზოგადად.

“სხვადასხვა კატეგორიის საქმეთა გამოძიების ვადა დაკავშირებულია დანაშაულის ხანდაზმულობასთან, რაც იძლევა ოცდახუთ წლამდე ან ზოგიერთ შემთხვევაში უვადოდ, გამოძიების წარმოების შესაძლებლობას.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ყოველდღიურად არაერთ საქმეს იხილავს, სადაც დაზარალებულები არასათანადო გამოძიებაზე და ამ კუთხით არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ. ამ საქმეთა გამოძიება წლები გრძელდება და სახალხო დამცველის აპარატი მოკლებულია მათი გაცნობის შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სახალხო

დამცველის უფლებამოსილება გაფართოვდეს და მას მიმდინარე საქმის მასალებზე წვდომის შესაძლებლობა მიეცეს. ამ ტიპის უფლებამოსილება აქვს მრავალი ევროპული ქვეყნის ომბუდსმენის ინსტიტუტს (ფინეთს, შვედეთს, დანიას, ესტონეთს, ლიეტუვას) და სრულიად თავსებადია ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან”,-ასეთია სახალხო დამცველის პოზიცია.

მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს სახალხო დამცველი სისხლის სამართლის საქმის მასალებს სამართალწარმოების დასრულების შემდეგ ეცნობა, როდესაც გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდება ან, როდესაც სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას. ამ შეზღუდვის გამო, სახალხო დამცველის აპარატი ვერ ეცნობა ისეთ საქმეებს, რომლებიც ეხება მაგალითად არასათანადო მოპყრობას, ან სიცოცხლის უფლების ხელყოფას და რომელთა გამოძიებაც წლების განმავლობაში გრძელდება.