სახელმწიფო ამ აუდიჩანაწერის გავრცელებით 19 წლის თემირლანის გარდაცვალების საქმის გადაფარვას ცდილობს-მაჩალიკაშვილის ოჯახი

დატოვებდა თუ არა დაკითხვის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობას ტერორისტული თავდასხმის განზრახვაში მხილებული მალხაზ მაჩალიკაშვილი- პასუხს ოჯახის წევრები და ჟურნალისტები 7 საათის განმავლობაში ელოდნენ. პანკისის სპეცოპერაციის ფარგლებში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, რომელსაც გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ლიკვიდაციის განზრახვას ედავება, მოწმის სტატუსით გამოძიების კითხვებს რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდა. დღეს თავისუფალია, თუმცა ამბობს, რომ დაკავებას არ გამორიცხავს. 

მალხაზ მაჩლიკაშვილი დაკითხვაზე მას შემდეგ დაიბარეს, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილს იოსებ გოგაშვილის განადგურების გეგმაზე ესაუბრება. შვილმოკლული მამა ამბობს, რომ აუდიოჩანაწერის თარგმანში უზუსტობებია, თუმცა კონკრეტულად რა უზუსტობაზეა საუბარი, მაჩალიკაშვილს არ დაუკონკრეტებია.

დაკითხვისას, მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატი დაინტერესდა, ჩაუტარდა თუ არა აუდიჩანაწერს უწყვეტობასთან დაკავშირებით ექსპერტიზა. მარიამ კუბლაშვილის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, ხმის ნიმუში აუღეს. ადვოკატი ამბობს იმასაც, რომ მისთვის მიუღებელია, როცა საქმეში აქცენტი ტერორიზმზე კეთდება, რადგან აქ იარაღი არ ფიგურირებს.

მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახი დარწმუნებულია, რომ მათ მიმართ მიზანმიმართული შეტევა მიმდინარეობს და სახელმწიფო ამ აუდიჩანაწერის გავრცელებით 19 წლის თემირლანის გარდაცვალების საქმის გადაფარვას ცდილობს. 

მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად სუსის შენობასთან კანონი და სამართლის წევრები შეიკრიბნენ. თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ თუ ხელისუფლება შვილმოკლული მამის დაკავებას გადაწყვეტს, ძალიან დიდ შეცდომას დაუშვებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით- მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტულ აქტს – სუსის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის განადგურებას – გოგაშვილის მამის საფლავზე გეგმავდა. უწყებამ ამის მტკიცებულებად, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის მორის მაჩალიკაშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, რომელშიც მათი განცახდებით მაჩალიკაშვილი თავის ძმისშვილს სოფელ ზემო მაჩხაანში გოგაშვილის მამის საფლავზე მისვლას და გოგაშვილის გადაადგილების მარშრუტის დადგენას ავალებს, შემდეგ კი ამბობს, რომ საფლავზე ასულებს გაანადგურებს. სუსი აცხადებს, რომ უმძიმესი დანაშაულის თავიდან აცილება შეძლეს. აქვს თუ არა გამოძიებას მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ სხვა მტკიცებულებები უცნობია. მალხაზ მაჩალიკაშვილი კი 7 საათიანი დაკითხვის შემდეგ ისევ კარავში იმყოფება. ამბობს, რომ ბრძოლას აგრძელებს, სანამ არ მოისმენს, რომ საახლემწიფომ მისი შვილი სიკვდილისთვის შეცდომით გაწირა.