დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლების, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადების ფაქტებზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ოთხი პირი პასუხისგებაში მისცა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ – ერთი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი, ქვემო ქართლის რეგიონში საცხოვრებელი კორპუსების სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისას 59 000 ლარს დაეუფლა. მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა კი სამუშაოების აქტები ხელმოწერით, შემოწმების გარეშე დაადასტურა. ერთ-ერთი კერძო საექსპერტო დაწესებულების ექსპერტების მიერ კი შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით ყალბი დასკვნები გაიცა.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე, 342-ე მუხლის პირველი და 362-ე მუხლის მეორე ნაწილებით. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.