საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სისტემაში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, ახალი სსიპ-ი – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო იქმნება.
შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა (78 მომხრე).
„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების მიხედვით, სოციალური მომსახურების სააგენტოდან მეურვეობისა და მზრუნველობის მიმართულებით ფუნქცია-მოვალეობები სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს გადაეცემა.
აღნიშნული სააგენტო, გარდა იმისა, რომ კვლავ იქნება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების ფუნქციების შესრულებაზე კომპეტენტური დაწესებულება, ამავდროულად, პასუხისმგებელი იქნება ქვეყანაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციის განხორციელებაზე.