“სახელმწიფომ გადააბიჯა დიქტატის ზღურბლს“! “ნუ აწიოკებთ ხალხს!“ პანკისის სპეცოპერაციის შეფასებები

პანკისში განვითარებული მოვლენების პარალელურად მთელი დღის მანძილზე პროცესს სოციალურ ქსელში აფასებდნენ საზოგადოების წარმომადგენლები, ექსპერტები, პოლიტოლოგები, ჟურნალისტები. გთავაზობთ რამდენიმე შეფასებას:

გია ნოდია. პოლიტოლოგი

“სულ არ მიმაჩნია ჰესების მშენებლობა კაცობრიობის წინაშე დანაშაულად და არ მგონია, რომ მათ წინააღმდეგ მოპროტესტე ხალხი ყოველთვის მართალია.

მაგრამ მაინცდამაინც პანკისში 5-მეგავატიანი ჰესის მშენებლობის გამო რომ აგზავნი სპეცრაზმს, ცოტა ჭკუა ხომ უნდა გქონდეს?

ძირეული პრობლემაა, რომ ქვეყანას არ ჰყავს პოლიტიკური ხელმძღვანელობა. პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება ერთ კაცს მოეკითხება, რომელსაც პოლიტიკა არც ესმის და არც აინტერესებს. დანარჩენი ტექნიკური „სტაფია.“

ირაკლი ოქრუაშვილი. თავდაცვის ყოფილი მინისტრი

“ღმერთო, შენ დაიფარე საქართველო უგნური მმართველებისაგან. დანარჩენს ჩვენ თვითონ მოვერევით.“

არჩილ გამზარდია. ექსპერტი

“დღევანდელმა ხელისუფლებამაც ისევე გადააბიჯა დიქტატის ზღრუბლს, როგორც მისმა წინამორბედმა. 26 მაისის და 7 ნოემბრის აქციის მეთოდებამდე მივიდა პრაქტიკულად “ქართული ოცნება” პანკისში. არსებობს რამე, რაც ამართლებს ხელისუფლების სისასტიკეს საკუთარი მოქალაქეების მოიმართ? – არა.

როდესაც არც საკუთარ მოქალაქეს ეკითხები, საიდან აჰყარო და სად გადააცხოვრო, როდესაც არ ეკითხები, რა სურს, რა არ სურს და ძალით და სისასტიკით ახვევ კერძო ინტერესებს თავს – საბჭოური დიქტატის მეთოდებია ეს და ხელისუფლება უკვე გადადის სისასტიკის რეჟიმშიც, რაც აქამდე არ ჰქონია.

როგორც ჩანს, “ქართულ ოცნებას” ზონდერ ბრიგადებიც კარგად შემოუნახავს წინა ხელისუფლებისგან, რეზინის ტყვიებიც, ხელკეტებიც და ცრემლსადენის გაზიც“

თამარ ჩერგოლეიშვილი. ტაბულას დირექტორი

“შს მინისტრს ვინმემ აუხსნას, რომ დები და ძმები კი არა, ერთი ქვეყნის თანასწორი მოქალაქეები ვართ.

არაა საჭირო ეს სახიფათო კონოტაციები – თითქოს ერთი ტომის წარმომადგენელი, მეორეს მიმართავს.“

სალომე ასათიანი. ჟურნალისტი

რამდენჯერ უნდა გვანახონ ახლა ეს პიესა, ერთი და იმავე დრამატურგიული ხაზით – სახელმწიფო ჯერ საკუთარ მოქალაქეებს რეპრესიული აპარატებით უპირისპირდება და მუსკულებს აჩვენებს სრულიად უადგილოდ, მერე კი, შუა დაძაბულობაში, სცენაზე გამოდის შსს მინისტრი და თავისი მწირი მაგრამ ძაან “ქულ” რიტოროკით უცებ “დაალაგებს” თუ “განმუხტავს” საქმეს? სერიალია? თუ ის სპექტაკლი,რა ერქვა – “ისევ ვოდევილები”?? თავიდანვე რომ არ მიიყვანონ საქმე აქამდე და უცებ არ შემოაწვეთ ხოლმე ადამიანებისთვის ძალის დემონსტრირების სურვილი, არ გამოვა ხომ არაფრით?

ლევან ლორთქიფანიძე. პოლიტოლოგი

“სასამართლოში დავა მიმდინარეობს, ხეობის ხალხს განხილვების გაგრძელებას შეპირდნენ.

მოლაპარაკებებზე, განაჩენის მოლოდინზე, კონსენსუსის, შეთანხმების ძიებაზე უარი თქვეს და პოლიციით, სპეცრაზმით შევარდნენ ხეობაში.

ველურებო, ტყიდან გამოვარდნილებო 5 მეგავატის გამო, ნუ აწიოკებთ ხალხს!!!“

თენგო გოგოტიშვილი. ჟურნალისტი


ბ-ნო ბორის:
1. ორი თვის განმავლობაში თქვენი მინისტრები რისთვის დადიოდნენ პანკისში? ცქიტიშვილი, ციხელაშვილი, თურნავა, სხვები და სხვები – ამ ყ@@@ბის მოსაწყობად?
2. პანკისი რომ სხვა რეგიონებისგან განსხვავდება ეთნიკური და რელიგიური ნიშნით, არავინ გითხრათ?
3. პოლიციის სპეცრაზმის წვრთნაში მიტინგის დაშლა აღარ შედის? თუ შედის, ამათ მომზადებსა და დაგეგმვისა რა ეტყობათ?
4. ისევ ელოდებით, როდის “მოიღლებიან” და ნებით დაიშლებიან? ვერ ხვდებით, რომ არ იქნება ასე?
5. არ გენიშნათ, რომ ძალიან სწრაფად გაჩნდა მოლოტოვის კოქტეილები? და ვერ ხვდებით, რომ, თუ მეტ ლეღვობას ჩაიდენთ, სხვა რამეც გამოჩნდება?
6. თქვენი მეორე სამშობლოს სპეცსამსახურებს არ გაუფრთხილებიხართ, რომ მანდ არიან ადამიანები, ვინც 20 წლის წინ ერთ ღამეში ღრუსების სატანკო პოლკი ასანთივით დაწვა და ამ პიკაპებით ვერ შეაშინებთ?
7. არავის უთქვამს, რომ მანდ არეულობას ყველაზე დიდი სიხარულით პუტინი და კადიროვი ელოდებიან? პატარა მსხვერპლი და თავისი სისხლისა და ხორცის (შეიძლება მოქალაქეებისაც) დასაცავად აქ იქნებიან
8. ან იქნებ, პუტინის მაგალითით, თქვენი რეიტინგული კრიზისის მოსაგვარებლად “მალენკი და პაბედონოსნი” ომი გჭირდებათ და ფიქრობთ, რომ ყურადღების გადატანა პანკისურ საფრთხეზე რამენაირად გიშველით?
9. მაჩალიკაშვილი არ გყოფნიდათ?
10. თქვენი წინამორბედების შეცდომებით ვერაფერი ისწავლეთ?
11. პოლიციელებისა და ქისტების ერთდროული დამცირებით რა მოგება გაქვთ?
12?
13. ?

ხათუნა ლაგაზიძე. ექსპერტი

1. 1. სამართალდამცავებზე თავდასხმა არაფრით “არ პრავდება”, თორემ სახელმწიფო დაგვემხობა თავზე და ეს არ ეპატიება საქართველოს არც ერთ მოქალაქეს: არც პანკისის ხეობიდან, არც არც ივრის ჭალებიდან და არც კოლხეთის სანახებიდან;
2. თუ სვანეთის ან პანკისის მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს პრობლემები აქვთ, ეს ჩვენი საერთო პრობლემებია და მათ არ უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ ისინი მარტონი არიან საკუთარ პრობლემებთან. ასე რომ, სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენც გვაქვს, საზოგადოებას – სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირის – დამოკიდებულებას რომ ვერ გავცდით;
3. ხელისუფლებამ იცოდა, რომ ჰესის მშენებლობის დაწყებას პრობლემები მოჰყვებოდა, ამიტომაც გააყოლა თავიდანვე პოლიციის რაზმი;
4. ამიტომაც, ხელისუფლება პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა და აუცილებლად პასუხი უნდა აგოს მან, ვინც სახელმწიფო ამ პროვოკაციაზე წამოიკიდა ანუ ვინც პანკისიდან სწორი ინფორმაცია არ ჩამოიტანა დედაქალაქში;
5. ეს იმის ბრალია, რომ „ოცნების“ ხელისუფლებამ ვერ და არ ისწავლა დიალოგი საკუთარ მოსახლეობასთან და სულ უფრო უჯდება ძვალ-რბილში დაუსჯელობის სინდრომი;
6. შესაბამისმა სტრუქტურებმა ყურადღებით უნდა შეისწავლონ “ლაივ” ჩართვების კადრებში ისმოდა თუ არა ცალკეული, სხვადასხვა ტიპის მოწოდებები რუსეთთან ურთიერთობის თუ რუსული იარაღის შესახებ;
7. გადახედეთ რუსული მედიის გამოხმაურებებს დღეს განვითარებულ მოვლენებზე და დავფიქრდეთ, ის რაც დღეს მოხდა იწყება და მთავრდება თუ არა ჰესით;
8. იქნებ ახლა მაინც მიხვდეს „ოცნებებში“ ჩარჩენილი ხელისუფლება, რომ – თუ სახელმწიფო გინდა იყო და არა დუქანი – აუცილებლად გჭირდება უსაფრთხოების სისტემისთვის ისეთი ფუძემდებლური დოკუმენტები, როგორიცაა საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია და ა.შ. უბრალოდ, ელემენტარულია, რაზეც ეხლა ვსაუბრობთ, რომ სახელმწიფოს სჭირდება უსაფრთხოების გამოწვევების სისტემატიზაცია;
9. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად დაძრული გაფხორილ-გასნობებული ქართული ბიზნესი: პანკისში სოციალური პროგრამების დაფინანსება დაიწყოთ ის დროა, სანამ თავზე დაგმხობიათ ქვეყნის სტაბილურობა და თქვენი გაბღენძილი ბიზნესებიც;
10. პასუხისმგებლიანი იყო გრიგოლ ვაშაძის გამოსვლა;
11. ასევე, პასუხისმგებლიანად იმუშავა მედიამ;
12. ამჯერად გახარიამ კვლავ შეძლო სიტუაციის განმუხტვა, მაგრამ სანამ უნდა იყოს ეს ხელისუფლება თავის მიერვე დანთებული ცეცხლის ჩაქრობის რეჟიმში?! დიდხანს ვეღარ გაუძლებს ვერც ხელისუფლება და ვერც ქვეყანა ასეთ რყევებს.

გოგი გვახარია. კინომცოდნე

“ბზობა დღეს პანკისის დარბევა იმას ჰგავდა კომუნისტები აღდგომის ღამეს კინოებს რომ უჩვენებდნენ ხალხი ეკლესიაში რომ არ წასულიყო.
მერე ეს არ იკმარეს და ”ლოცვის ფოტო” გაავრცელეს პირველ არხზე, აი ასე ლოცულობს ეს ხალხიო. იფიქრეს ყველაფერს ხუთიანზე დავასრულებთ და არ იქნება არანაირი პროტესტი, ვის სცალია ახლა პანკისისთვისო. მაგრამ სხვა დროა ბატონებო, სხვა. პირდაპირ ეთერში ვუყურეთ დარბევას. ამიტომაც კიდევ ერთხელ მოგიხდათ გეთქვათ ”ბოდიში”..

იაგო ხვიჩია. გირჩი

“საპროტესტო აქციების დროს ხშირად ხდება შეტაკება მოქალაქეებს და პოლიციელებს შორის.
ხან მოქალაქეები ილახებიან, ხან პოლიციელები, უფრო ხშირად ორივე, ისევე როგორც დღეს.
ასეთ დროს ერთადერთი გამოსავალი არსებობს, დუღილის ტემპერატურის დაწევა და კონფლიქტური სიტუაციის განმუხტვა.
ეს რომ მოხდეს აუცილებელია, კონფლიქტის მონაწილეებმა იცოდნენ, რომ ჩხუბის გამო მათ გასამართლება და ციხეში წასვლა არ მოუწევთ.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერ პოლიციელს ისინი შეხედავენ როგორც მტერს, რომელიც მათ დაჭერას უპირებს და თუ ასეთი ადამიანი ბევრია, ისინი მობილიზებული არიან, რომ ნებისმიერი გაუგებრობის დროს ისევ ერთად დადგნენ და ერთმანეთი დაიცვან.
ეს ძალიან ბუნებრივი და ადამიანური ამბავია, მაგრამ თან საშიში კონფლიქტის წყაროა.ამიტომ ასეთი მასობრივი შეხლა შემოხლის დროს თუ პოლიციას სიტუაციის განმუხტვა უნდა (და უნდა უნდოდეს), კონფლიქტის მონაწილეებს დაჭერით კი არ უნდა ემუქრებოდეს, არამედ სთავაზობდეს შერიგებას და ერთობლივი გამოსავლის პოვნას.
,,ფორმიანს ხელი როგორ დაარტყი ბიჭო” არის საბჭოთა პოლიციის მორალს მორგებული მიდგომა, რადგან ფორმიანიც და უფორმოც ერთმანეთის მტრები კი არა ამ ქვეყნის შვილები არიან, რომელთაც სისტემის (შეიძლება კანონისაც) წაქეზებით იჩხუბეს და უნდა შერიგდნენ, ოღონდ მართლა უნდა შერიგდნენ.დაკავების მუქარა ამ პროცესს შეუძლებელს ხდის.
ამიტომ სჭირდება ახლა ყველა ნაბიჯს დაფიქრება და წყენის და გაბრაზების გვერდზე გადადება, რაც ჩემი აზრით, პოლიციის, როგორც პროფესიის სამუშაო აღწერილობაში უნდა შედიოდეს.
ამას უნდა ითხოვდეს პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქე მისგან და არა იმას, რომ მუნდირის დაცვის მოტივით, ხელახლა გააღვივონ კონფლიქტი.
ამიტომ არ ზიან ციხეში, სხვადასხვა აქციის დროს მოჩხუბარი ხალხი (ნახევარი პარიზი უნდა იჯდეს) და ამიტომ არ თვლის ამას არავინ ნორმალურ ქვეყანაში პოლიციელის სისუსტედ.“