თავისუფლების მონიტორის ინფორმაციით, საპარტნიორო ფონდმა ლევან გაჩეჩილაძის ღვინის კომპანიის იდეა 7 მილიონი ლარით დააფინანსა. სახელმწიფოს კუთვნილმა ფონდმა ლევან გაჩეჩილაძესთან საიდუმლო კონტრაქტი დადო, რომლის მიხედვითაც, კომპანიის გამოსყიდვის უპირატესობა სწორედ მას აქვს.საპარტნიორო ფონდმა კომპანია “გლობალ ბრენდი” 2017 წლის 6 მარტს დააარსა.
მონიტორის ინფორმაციით,საპარტნიორო ფონდის დირექტორი დავით საგანელიძეა, რომელიც ლევან გაჩეჩილაძის მეგობარია.
საპარტნიორო ფონდის მთავარი მიზანი ინვესტიციების წახალისებაა საქართველოში.
გასულ წელს აშშ-ში ღვინო ექსპორტზე 330 კომპანიამ თუ კერძო პირმა გაიტანა, თუმცა მათ რიცხვში ვერ მოხვდა სახელმწიფოს მიერ ამ მიზნით 7 მილიონით დაფინანსებული კომპანია.ამ დროისთვის, ლევან გაჩეჩილაძე აშშ-ის ბაზარზე შესვლისთვის საჭირო სარეკლამო კამპანიის დასაფინანსებლად კიდევ 2 მილიონი დოლარის დაფინანსებას ითხოვს.
ლევან გაჩეჩილაძე ამ დროისთვის კომპანიაში კონსულტანტის პოზიციას იკავებს. 2018 წელს ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ კერძო აუდიტორულ კომპანიას საპარტნიორო ფონდის პროექტები შეაფასებინა. აუდიტის მიხედვით, კომპანია გლობალ ბრენდი ყველაზე დაბალ, D კატეგორიაში მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ამ პროექტიდან მოგებას სრულად სავარაუდოდ ვერ ამოიღებს.
პროექტის წარუმატებლობის შემთხვევაში, ზარალი საპარტნიორო ფონდის, ანუ სახელმწიფოსი იქნება.