სახელმწიფოს 50 მილიონის გარანტია რომ გაეცა, დღეს პორტის მშენებლობის პროცესში ვიქნებოდით- მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ოთხმა ბანკმა სახელმწიფოსგან 50 მილიონის გარანტია მოითხოვა, რათა ანაკლიის პორტში 650 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოეტანათ, მაგრამ სახელმწიფომ ის არ გასცა.

,,ეს იყო ბანკების მოთხოვნა, რომ სახელმწიფოს მიეღო რამენაირი მონაწილეობა რისკებში. მოგეხსენებათ, რომ 4 კილომეტრში ანაკლიიდან არის ე.წ საოკუპაციო ზოლი და შესაბამისად, ტვირთბრუნვის დაზღვევის თვალსაზრისით, ბანკებმა მოითხოვეს 50 მილიონი დოლარის გარანტია, რომელიც ალბათ არასდროს დაჭირდებოდა, რომ გამოეყენებინა, იმიტომ რომ 40 პროცენტიანი ზრდა იქნებოდა კონტეინერების, საქართველოს გავლით. მაგრამ რომც გამოყენებულიყო ის გარდაიქმნებოდა სესხად და ამ სესხს მოემსახურებოდა კომპანია,” – აცხადებს ხაზარაძე.

მისივე თქმით, ანაკლიის პორტი პირველ ათ წელში 35 ათას სამუშაო ადგილს შექმნიდა, რაც რუსეთის ინტერესში არ შედის.

,,შედის თუ არა რუსეთის ინტერესში ანაკლიის პროექტი. რუსეთის ინტერესში იგი არ შედის. რამდენ სამუშაო ადგილს შექმნიდა ანაკლია და ქალაქი ანაკლია მის უკან. პირველ ათ წელიწადში შექმნიდა 35 ათას სამუშაო ადგილს. ინვესტიცია, 50 მილიონის გარანტიით, 650 მილიონი დოლარი შემოვიდოდა და უკვე დღეს მშენებლობის პროცესში უნდა ვყოფილიყავით,”- ამბობს პარტია ,,ლელოს” დამფუძნებელი.

ცნობისთვის, ,,ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულება ხელისუფლებამ 9 იანვარს შეწყვიტა. მიზეზად ვალდებულებების შეუსრულებლობა დასახელდა. კონსორციუმი ამ საკითხში საარბიტრაჟო სასამართლოში აპირებს დავას.