სახელმწიფოს ხარჯზე ვცხოვრობ,პატიმრობამდე წნევა 150 მქონდა, ახლა 110 მაქვს – ირაკლი ოქრუაშვილი

პატიმრობამდე წნევა 150 მქონდა, ახლა მაქვს 110, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ არამნიშვნელოვანი მოწმეების დაკითხვით დროს კარგავს, ვინაიდან ის სხვა საქმეზეც ბრალდებულია და იმ სხდომებსაც უნდა დაესწროს.

20 ივნისის საქმეზე სახელმწიფო ბრალდებას 400-მე მოწმე ჰყავს დასაკითხი. სწორედ, არამნიშვნელოვანი მოწმეთა მოხსნა მოითხოვა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

“ვერ გავიგე, რატომ ვაწვალებთ ამდენ მოწმეებს”, – განაცხადა ოქრუაშვილმა, რასთან დაკავშირებითაც, მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული კითხვა მანაც დასვა, როცა ოქრუაშვილი პროცესებს არ ესწრებოდა.

“ჩვენი მიზანი პროცესის გაწელვა რომ იყოს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მოწმის დაკითხვას მოვითხოვდით. დილემის წინაშე ვარ, მეორე საქმეზე გადავერთო, თუ აქ ვიარო და ვუსმინო ამ მოწმეებს”, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

“ასეთ რჩევას მოგცემთ ორივე მხარეს, მტკიცებულებებზე შევთანხმდეთ”, – უპასუხა მოსამართლემ ოქრუაშვილის რეპლიკას.

აღნიშნულის შემდეგ, ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ის სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობს 5 თვეა და რომ არამნიშვნელოვანი მოწმეების დაკითხვით, სახელმწიფოს რესურსი იხარჯება.

“სახელმწიფოს ხარჯზე ვცხოვრობ, არც დენის და არც წყლის ქვითარი არ მომდის. იფიქრეთ იმაზე, რომ სახელმწიფოს და თქვენი რესურსი იხარჯება, თორემ პატიმრობამდე წნევა 150 მქონდა, ახლა მაქვს – 110”, – განაცხადა ოქრუაშვილმა.