საკონფერენციო ოთახში ერთადერთი კაცური კაცი მხოლოდ ირმა ინაშვილი აღმოჩნდა-ვასაძე

საკონფერენციო ოთახში ერთადერთი კაცური კაცი მხოლოდ ირმა ინაშვილი აღმოჩნდა-ამის შესახებ ლევან ვასაძემ სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„მერილ სტრიპისა და დასტინ ჰოფმანის საოჯახო დრამა, „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“ დაშორებისა და ერთადერთი შვილის ვერგაყოფის გამო სასამართლო პროცესით, მახსენდებოდა, როცა ვუცქერდი ირმა ინაშვილზე გაწეულ კრამერს. აქაც „კრამერ პროწივ კრამერა“ გამოვიდა, რადგან ამ მეათეხარისხოვანმა ნაჩინოვნიკარმა მხოლოდ თავის თავსა და სამწუხაროდ, თავისივე ქვეყნის იმიჯს დაუშავა საქართველოში, თავისი უმსგავსო საქციელით. მისი საქციელის კომენტირებას არ დავიწყებ, მე მგონი, ამ დღეებში უკვე საკმარისად ითქვა ჩვენი საზოგადოების მხრიდან, მაგრამ იქ დამსწრე ქართველი მამაკაცების, თუ „ნაც-ქოცების“ საქციელი ნამდვილად მინდა, ცოტა განვიხილო. ყველა ჩემმა უცხოელმა ნაცნობმა, ვინც ამ მასხარას კადრები ნახა, მომწერა, რა გჭირთ ქართველებსო. ქართველმა ებრაელმა მეგობარმა, ისრაელში ვინმე ჩვენს დეპუტატს რომ ვინმე უცხოელმა ასეთი რამე აკადროს, პანღურებით გამოვაგდებთო. არაბმა შემახსენა, როგორ ესროლეს თვით ამერიკის მოქმედ პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშ უმცროსს თავში ფეხსაცმელი ქვეყნის შეურაცხყოფისთვის და როგორ ჩაჯდა სიამოვნებით ამის მაქნისი არაბი ჟურნალისტი ციხეში, როგორ გახდა ის ეროვნული გმირი ერაყში და როგორ დაუდგეს ამის გამო მშობლიურ ქალაქში ძეგლი. ფრანგმა მეგობარმა თავზე ხელშემორტყმული ადამიანის „სტიკერები“ გამომიგზავნა ტელეფონით, იგივე ქნა ინგლისელმა ლორდმა მეგობარმა, რუსმა მეგობარმა კი მკითხა, კაცები აღარ დაგრჩათ პოლიტიკურ პარტიებშიო? მე მგონი, ნებისმიერი უცხოელის წინაშე ჩვენი მონობა და სიფარჩაკე სამწუხაროდ, უკვე მთელი მსოფლიოს დასაცინი გახდა, რა, სირცხვილია. იმაზე რომ აღარაფერი ვთქვა, რომ ქვეყანაში ყველაზე უსირცხვილო ხალხის მიერ ინსპირირებულ უვადო აქციას „სირცხვილია“ ჰქვია. ეს კი ნამდვილად სირცხვილია. ყველაფერი ყირაზე გვიდგას.

იმ საკონფერენციო ოთახში ერთადერთი კაცური კაცი მხოლოდ ირმა ინაშვილი აღმოჩნდა, რომელიც ცოტა ხანს ელოდა, იქნებ გამომესარჩლონო და მერე თვითონვე მოიშორა. ეს იყო საოცრად სიმბოლური გამოვლინება ამ მონების ფსიქოლოგიისა, რომლებიც ჩვენ გვეძახიან მონებს და გაგრძელება იმ ცირკის სერიალისა, სადაც უკვე მოწიფული ასაკის ქართველმა დეპუტატმა ემზარ კვიციანმა დიდხანს უთმინა უკიდურესი პირდაპირი შეურაცხყოფა მასზე მიმხდარ ჯეელებს და მერე მთელი მათი დაფშტვენილი ახალგაზრდობა გაბერტყა მარტოდ მარტო“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.