საკონსტიტუციო სასამართლომ „112“-ის საფასურის ჩამოჭრა არაკონსტიტუციურად სცნო

საკონსტიტუციო სასამართლომ „112“-ის საფასური, რომელიც ყოველთვიურად ფიზიკური პირისთვის 0.20 ლარს, ხოლო იურიდიული პირისთვის, ორგანიზაციისთვის და დაწესებულებისთვის 0.50 ლარს შეადგენდა, არაკონსტიტუციურად სცნო.

მოსარჩელე მხარე ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი – საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ იყო. 

მოსარჩელე მხარის განმარტებით, აბონენტს 112-ის მომსახურების საფასური ეკისრებოდა მისი ნების მიუხედავად, რაც მათი მტკიცებით, არღვევდა საკუთრების უფლებას. ამავე დროს, საკუთრების უფლებაში ჩარევა ხორციელდებოდა არა კანონის, არამედ მთავრობის დადგენილების საფუძველზე, რაც ფორმალურად ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციის მოთხოვნებს. გარდა ამისა, მათივე არგუმენტით, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიმართ 112-ის საფასურის განსხვავებული ტარიფის არსებობას არ გააჩნდა ობიექტური საფუძველი და დისკრიმინაციული იყო.

“საკონსტიტუციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ სადავო ნორმების ძალადაკარგულად ცნობის შედეგად 112 დაკარგავდა დაფინანსების ძირითად წყაროს, რასაც შესაძლოა, საფრთხე შეექმნა მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესებისათვის. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 31 დეკემბრამდე გადაავადა სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადება, რათა საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას მიეცეთ გონივრული შესაძლებლობა, საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოაწესრიგონ აღნიშნული”, — აღნიშნულია საკონსტიტუციოს გავრცელებულ ინფორმაციაში.