საკონსტიტუციო სასამართლომ 2 ორგანიზაციის კონსტიტუციური სარჩელები დააკმაყოფილა

ცოტა ხნის წინ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა  კონსტიტუციური სარჩელები „მედიის განვითარების ფონდი“ და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდიდა ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტებისა და მათში მოცემული პერსონალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მომწესრიგებელ საკანონმდებლო ნორმებს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლოს აქტები განეკუთვნება საჯარო დაწესებულებაში არსებულ იმ ტიპის ინფორმაციას, რომელზე ხელმისაწვდომობის მიმართაც თავისთავად არსებობს მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი. სასამართლოს გადაწყვეტილებებზე საზოგადოების ხელმისაწვდომობა უაღრესად მნიშვნელოვანია სასამართლო ხელისუფლების საზოგადოებრივი კონტროლის, მისდამი საზოგადოების ნდობის, სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და სამართლებრივი უსაფრთხოების კონსტიტუციური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად.

სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საგამონაკლისო შემთხვევებში, გადაწყვტილებაში ასახული ინფორმაციის სენსიტიურობის გათვალისწინებით, პირადი ცხოვრების უფლების დასაცავად, შესაძლოა, საჭირო გახდეს პირის პერსონალური მონაცემების დაფარვა, თუმცა ამას არ უნდა ჰქონდეს საყოველთაო ხასიათი. სასამართლოს აქტის ღიაობის საკითხის გადაწყვეტისას უნდა შეფასდეს რა გავლენას ახდენს პერსონალური მონაცემების გამჟღავნება პირადი ცხოვრების უფლებაზე და გადაწონის თუ არა იგი სასამართლო აქტის ხელმისაწვდომობაზე საზოგადოების მომეტებულ ინტერესს.

სადავო ნორმები აღნიშნული წესრიგის საპირისპირო ბალანსს ადგენდა და ბლანკეტურად, კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებების შეფასების შესაძლებლობის გარეშე ზღუდავდა სასამართლო აქტის სრულ ტექსტზე ხელმისაწვდომობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო მოწესრიგება ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილ ინფორმაციის თავისუფლებას (საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი) და არაკონსტიტუციურად სცნო იგი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ნორმების დაუყოვნებლივ ძალადაკარგულად ცნობის შემთხვევაში აღარ იარსებებდა პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით სასამართლოს აქტების საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი. შედეგად, შესაძლებელია, დარღვეულიყო იმ პირთა პირადი ცხოვრების უფლება, რომელთა პერსონალური მონაცემებიც მოცემულია ამა თუ იმ სასამართლო აქტში. ამგვარად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმები ძალადაკარგულად ცნო 2020 წლის პირველი მაისიდან და საქართველოს პარლამენტს მისცა ვადა საკითხის კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად მოსაწესრიგებლად.