საკრებულოს წევრის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტს პრეზიდენტი გამოეხმაურა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის საკრებულოს წევრის მხრიდან მის თანაშემწეზე შესაძლო სექსუალური  ძალადობის ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე პოსტს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიო კამპანიის ჰეშთეგით (#MeToo) აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ეს კამპანია საქართველოშიც არის.

„#MeToo ასევე არის საქართველოში. თბილისის საკრებულოს დეპუტატის საქმე  ექვემდებარება გამოძიებას მისი თანაშემწის მიმართ შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტზე.“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი საკუთარ ტვიტერის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს მისი  თანამშრომელი თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

მსხვერპლის თქმით, ჯიშკარიანმა მასზე ჯერ  სექსუალური ძალადობა სცადა, შემდეგ კი ფიზიკურად იძალადა.  

თამთა თოდაძისთვის პროკურატურას ამ დრომდე არ მიუნიჭებია დაზარალებულის სტატუსი.