საკვები პროდუქტებიდან ყველაზე მეტად წიწაკა გაძვირდა

რა გაძვირდა ყველაზე მეტად “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ? – ამ სათაურით აქვეყნებს მასალას forbes.ge, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციის მიხედვით, ბოლო 6 წელიწადში ანუ 2012 წლის ნოემბრის ბოლოსთან შეადრებით, 2018 წლის ნოემბრის ბოლოს ინფლაციამ 20% შეადგინა. ეს იმას ნიშნავს, რომ სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონელი და მომახურება 20%-ით გაძვირდა.

აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტად ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტი გაძვირდა – 186%-ით, ანუ ფასი თითქმის გასამმაგდა. მე-2 ადგილზე ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტია, რომლის ფასი 156%-ით გაიზარდა. შემდეგ იმპორტირებული ფილტრიანი სიგარეტი მოდის, რომლის ფასი გაორმაგდა.

საკვები პროდუქტებიდან ყველაზე მეტად წიწაკაა გაძვირებული – 84%-ით.

ყველაზე მეტად გაძვირებული 20 პროდუქტიდან 6 სამკურნალო საშუალებაა. მათ შორის, ყველაზე მეტად საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები გაძვირდა – 82%-ით.
სხვა მნიშვნელოვანი პროდუქტებიდან აღსანიშნავია, რომ კარტოფილი გაძვირებულია 37%-ით, ხმელი ლობიო – 32%-ით, ლუდი – 29%-ით, კომბოსტო – 27%-ით, ხახვი – 22%-ით, მაკარონი – 19%-ით, ხორბლის ფქვილი – 12%-ით, კვერცხი – 10%-ით, ბენზინი – 17%-ით, ავტომობილის შეკეთება – 15%-ით.