დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ხვალ საკვირაო ლოცვა ჩატარდება და ეცდებიან, მრევლს აუხსნან, რომ ტაძარში დისტანცია დაიცვან.
მისი თქმით, 10 ადამიანის შეკრების აკრძალვა ალოგიკურია, რადგან 20 კვადრატულ მეტრშიც და 2000 კვადრატულ მეტრშიც ადამიანების ერთი და იგივე რაოდენობაზეა საუბარი.
,,ზიარების წესთან დაკავშირებით არ არის მოსალოდნელი ახალი მსჯელობა. ჩვენ როდესაც ვისმენთ დაავადების გავრცელების სხვადასხვა გარემოებებს, ჩვენ იქ გვაქვს ძალიან ბევრი კომპონენტი, რომელიც გასათვალისწინებელია. მაინცდამაინც ზიარების წესზე ყურადღების გამახვილება არ არის სწორი.
[22 მარტს] საკვირაო ლოცვა ჩვეულებრივ ჩატარდება ამ რეკომენდაციის გათვალისწინებით, რომ დაიცვან დისტანცია. ვიზრუნებთ მრევლს ავუხსნათ, რომ დისტანცია დაიცვან.
სრულიად ალოგიკური არის, რომ 20 კვადრატულ მეტრშიც და 2000 კვადრატულ მეტრშიც ადამიანების ერთი და იგივე რაოდენობაზე იყოს საუბარი. მიზანი არის რომ გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომლებიც მივიღეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან”,- ამბობს დეკანოზი.
ცნობისთვის, დღეს, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. რეჟიმის წესების მიხედვით, აკრძალულია 10 ადამიანზე მეტის ერთი სივრცეში შეკრება.