სალომე სამადაშვილის შეურაცხყოფის ფაქტზე ვაკის პოლიციაში გამოძიება უკვე დაიწყო. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს უცნობმა მამაკაცმა შეურაცხყოფა მაშინ მიაყენა, როცა ის მთავარ არხს ინტერვიუს აძლევდა. სალომე სამადაშვილმა ჩვენება ვაკის პოლიციაში მისცა. პირის ვინაობა, ვინც მას შეურაცხყოფა მიაყენა ჯერჯერობით დაუდგენელია, თუმცა ის მთვარი არხის კამერამ გადაიღო. სამადაშვილი პოლიციისგან მისი ვინაობის დადგენას მოითხოვს და აცხადებს, რომ ეს იყო ხელისუფლების “ტიტუშკა“, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენელს მიუგზავნეს.
„გუშინ საღამოს ჩემს სახლთან ვაძლევდი ინტერვიუს „მთავარ არხს“, როდესაც ვიღაც უცნობმა მამაკაცმა დაგვიწყო უშვერი სიტყვებით ლანძღვა. თავიდან იგნორირებას შევეცადეთ, მაგრამ ეს კაცი არ ჩერდებოდა და სულ უფრო აგრესიულად ყვიროდა. შემდეგ ჟურნალისტებმა და მეც ვკითხეთ, რატომ იყო იქ, რადგან საკმაოდ მოფარებული ადგილია, არ არის ეს ქუჩა, სადაც შემთხვევითი გამვლელები ხვდებიან. ეს მამაკაცი ვერ ვიცანი, ჩემი მეზობელი აშკარად არ იყო. ამაზე პასუხი არ გაგვცა, შემდეგ როდესაც კამერა დაიძრა მისკენ, გაიქცა და ჟურნალისტები გაეკიდნენ, შემდეგ ჟურნალისტებსაც აგინა და გაიქცა. გამოვიძახეთ პატრული, პატრულს აქვს სრული ინფორმაცია, ეს კაცი კამერებზეა დაფიქსირებული და ჩემი თხოვნა იყო, რომ დადგენილიყო ვინ იყო ეს ადამიანი, რატომ იყო ჩემს სახლთან, შემთხვევითი გამვლელი იყო თუ სპეციალურად იყო მოსული, თუ ვინ არის საერთოდ და შესაბამისად, გამოძიება წარიმართოს ამ საკითხთან დაკავშირებით. “–აცხადებს სალომე სამადაშვილი.