სალომე ზურაბიშვილი ოფიციალურ შეხვედრებს მართავს, თუმცა აუდიენციის ადგილსამყოფელი პრესისთვის გასაიდუმლოებულია

{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალურ შეხვედრებს მართავს, თუმცა აუდიენციის ადგილსამყოფელი პრესისთვის საიდუმლოა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მომავალმა გუნდის წევრმა ლაშა ჟვანიამ ათონელის რეზიდენციის შენობასთან განუცხადა, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

“დღეს პრეზიდენტს ჰქონდა მოკლე შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლებთან. მადლობა გადაუხადა ჩამოსვლისთვის და საქართველოსთვის პატივის დადებისთვის. ასევე, ძველი ემიგრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა ახლა აქვს. თქვენ იცით, რომ ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი, მათი შთამომავლები, რომლებიც ჯერ საქართველოში არ ყოფილან, საფრანგეთიდან სპეციალურად ინაუგურაციის დღისთვის ჩამოვიდნენ და მათთან აქვს შეხვედრა და სადილი”,განუცხადა ლაშა ჟვანიამ ჟურნალისტებს. შეკითხვაზე, თუ სად იმართება ეს შეხვედრები ლაშა ჟვანია ამბობს, რომ ეს ინფორმაცია პრესისთვის არ არის”.


რაც შეეხება გუშინ გამართულ მოლაპარაკებებს, ჟვანიას ინფორმაციით, სომხეთის პრეზიდენტთან, თურქეთის ვიცე-პრეზიდენტთან, პოლონეთის წარმომადგენლებთან და სხვა დელეგაციებთან შეხვედრები წინანდალში გაიმართა.

ლაშა ჟვანიამ, რომელიც სავარაუდოდ, ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს, გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ათონელზე მდებარე სასახლეში სამუშაოები დასრულებული არ არის მხოლოდ საპრეზიდენტო ფლიგელში; ადმინისტრაციული ფლიგელი უკვე გარემონტებულია და არ გამორიცხა, რომ 2-3 თვის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილმა სწორედ სასახლის ადმინისტრაციულ ნაწილში იმუშაოს.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში 16 დეკემბერს გაიმართა. ღონისძიებას 1 800-ზე მეტი სტუმარი დაესწრო. მათ შორის 50-ზე მეტი ქვეყნის 150-ზე მეტი მაღალი რანგის სტუმარი, მმართველი გუნდისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ცერემონიას სახელმწიფოს მეთაურებიდან მხოლოდ სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარქისიანი დაესწრო. ღონისძიებაზე დასასწრებად ასევე ჩამოვიდა საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი.


ინაუგურაციას ესწრებოდა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი მეუღლე მაკა ჩიჩუა. სტუმრებს შორის იყვნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.


“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ინაუგურაციას არ დასწრებია.


როგორც ცნობილია, მას რამდენიმე დღის წინ დედა გარდაეცვალა.