სალომე ზურაბიშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა (იხილეთ სრულად)

 


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვიდა.
“ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტის სტატუსით მოგმართავთ. საქართველო პატარა ქვეყანაა ევროპის კიდეზე, რომელმაც გასული 28 წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი რაოდენობით შოკი და ცვლილებები განიცადა, ღია და გაჭიანურებული კონფლიქტები, ომი და ოკუპაცია გადაიტანა. ამავე დროს, და ყველაფრისდა მიუხედავად, პატარა საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთ დემოკრატიულ ქყვეყანას წარმოადგენს, რომელიც ეკონომიკურად და სოციალურად ვითარდება და საკმაოდ რთულ რეგიონში სტაბილურობის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს (კუნძულს) წარმოადგენს. ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ, მაგრად კარგად გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სოლიდარობა. ჩვენი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ვიცით, რომ რეგიონის განუყოფელ ნაწილს წარმოვადგენთ, სადაც მშვიდობის გარეშე გლობალური სირთულეების გადალახვა შეუძლებელია. ასევე კარგად გვესმის, რომ ჩვენი პლანეტის ხვედრი ჩვენი ხვედრია!

ბატონო პრეზიდენტო, საქართველო, ისევე როგორც ყველა აქ წარმოდგენილი ქვეყანა, აწყდება საერთო გლობალურ სირთულეებს, რაც დღევანდელი სამყაროსთვის მნიშვენლოვან გამოწვევას წარმოადგენს: ეს არის კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნების მდგომარეობის გაუარესება, საყოველთაო და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, თითეული მოქალაქისთვის განათლების მიღების შესაძლებლობა, სიღარიბის, უმუშევრობისა და სხვადასხვაგვარი უთანასწორობის დაძლევა. 2030 წლის დღის წესრიგში გაწერილი, მდგრადი განვითარების 17 მიზანი სწორედ აქეთ არის მიმართული და თითოეული მათგანი უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს მიზნები გვაჩვენებს, რომ რადიკალურად უნდა შევცვალოთ როგორც ჩვენი დამოკიდებულება სამყაროსადმი, ასევე ქცევის მოდელი. გლობალური გამოწვევების დაძლევა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ მათ აღვიქვამთ და ვეკიდებით, როგორც ერთიან მოვლენას, კომპლექსურ მრავალწხნაგოვან საფრთხეს. და ეს სულაც არ გახლავთ იოლი! დღევანდელი სამყარო მეტისმეტად რთულია და ასევე რთულია ამ სამყაროს გამოწვევებზე რეაგირება! აუცილებელია უფრო სისტემური მიდგომის ჩამოყალიბება და მთლიანი სურათის გააზრება.

საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს 2030 წლის მიზნების მისაღწევად; იგი ერთ ძალად შეკრებს საზოგადოების ყველა წევრს, კერძო თუ სახელმწიფო სფეროს წარმომადგენელს და იმოქმედებს თავის მეზობლებთან და პარტნიორებთან ერთად. სწორედ სოლიდარობა და ტვირთის გადანაწილება გახლავთ მთავარი ფაქტორი წარმატების მისაღწევად. სწორედ ამის გამო ვიმყოფებით ჩვენ ყველანი აქ დღეს. სწორედ ამიტომ გვწამს ყველა მხარის ერთობლივი ქმედების აუცილებლობა! ერთობლივ ძალისხმევას და თანამშრომლობას ალტერნატივა არ გაააჩნია! ბატონო პრეზიდენტო, იმ დროს, როდესაც 2030 წლის მიზნებისკენ გვაქვს მზერა მიპყრობილი და მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ჩვენი საერთო მიზნების მიღწევა, არსებობს კიდევ სხვა, გადაუდებელი გამოწვევები, რომელთა დაძლევაც აუცილებელია წარმატების მიაღწევად. ჩვენ ახალი იდეები, მეტი გამბედაობა, ექსპერიმენტირება, ახალი ალტერნატივები გვჭირდება. წავიდა ის დრო, როდესაც ინიციატივების გვეშინოდა. ​ის რაც შეიძლება ითქვას მთელ სამყაროზე, შეიძლება ითქვას საქართველოზეც. ​​ჩვენი უმთავრესი გამოწვევა და შესაბამისად, პრიორიტეტი მშვიდობა გახლავთ. მშვიდობა ნებისმიერი საზოგადოების უმაღლეს მიზანს წარმოადგენს. მაგრამ გაერთიანებული ერებისათვის იგი უმთავრეს არსსა და საერთოდ ამ ორგანიზაციის “raison d’être” (არსებობის საფუძველს) წარმოადგენს. გლობალური უსაფრთხოება მთელი სამყაროს გამოწვევა გახლავთ. ომები, კონფლიქტები და ტერორიზმი აშკარა და სერიოზულ საფრთხეს უქმნის მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს, მასიურ მიგრაციებსა და ლტოლვილთა ურიცხვ ნაკადებს იწვევს. ჩვენ ვუთანაგრძნობთ ტერორიზმის მსხვერპლთა ოჯახებს, კარგად გვესმის მათი შიში და რისხვა და, შესაბამისად, სრულად ვიღებთ ჩვენ წილ ტვირთსა და პასუხისმგებლობას უხილავ მტერთან საბრძოლველად. საქართველო სერიოზულ მონაწილეობას ღებულობს ავღანეთში, მალისა თუ ცენტრალურ აფრიკაში განთავსებული სამშვიდობო ძალების ქმედებებში; ეს ქვეყნები შორსაა ჩვენი საზღვრებისაგან, მაგრამ მათი პრობლემები ახლობალია ჩვენთვის მოვალეობის გრძნობიდან და სოლიდარობის პრინციპიდან გამომდინარე.

ომი და კონფლიქტები ჩვენი ისტორიის ნაწილია. საუკუნეების განმავლობაში, საქართველოს არა ერთი დამპყრობელი ახსოვს. თბილისი, საქართველოს დედაქალაქი თავისი არსებობის მანძილზე 26 ჯერ გადაუწვავს მტერს; მისი ტერიტორია ხშირად იყო დაპყრობილი როგორც მოკლე, ისე ხანგრძლივი პერიოდების განმავლობაში; პერიოდულად რელიგია და თვით ქვეყნის იდენტობაც აქტიურად იდევნებოდა. მაგრამ იგი გადაურჩა ყველა განსაცდელს და დღეს ამაყად უკავია თავისი ადგილი ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყნების რუკაზე. სწორედ ჩვეული გაუტეხავი სულისკვეთება იყო ჩვენი რეაქცია 2008 წლის ომის ტრაგედიაზე, რასაც რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 %-ის ოკუპაცია მოჰყვა. ​ როგორც საქართველოს პრეზიდენტი, დღეს მე აქ ვსაუბრობ იმ ადამიანების გაჭირვებაზე, რომლებიც ადმინისტრაციულ საზღვართან ცხოვრობენ. ცხოვრობენ იმ ზოლზე, რომელიც ნათესავებს ერთმანეთს აშორებს და სოფლებს ხლეჩს, სადაც უბედური შემთხვევები და პროვოკაციები ყოველდღური ცხოვრების ნაწილია, სადაც აქტიურად მიმდინარეობს საზღვრების გადაწევა, რაც შეუძლებელს ქმნის ნორმალურ მშვიდობიან ცხოვრებას.
მე ვსაუბრობ ჩვენი მოქალაქეების სახელით, რომლებიც აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, სადაც მუდმივად ირღვევა ადამიანის უფლებები, იზღუდება გადაადგილების თავისუფლება, ჯანმრთელობისა და განათლების მომსახურების ხელმისაწვდომობა. ორივე რეგიონის საზღვრებზე განთავსებული გამშვები პუნქტები პერიოდულად იკეტება, რაც ადამიანების ტანჯვას იწვევს. ჩემი გამოსვლით მსურს გავაფრთხილო მსოფლიო, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში აფხაზური ენა (რომელიც აღარებულია საქართველოს კონსტიტუციის მიერ), და აფხაზური იდენტობა განადგურების ზღვარზეა, აფხაზი ერის დემოგრაფიული მდგომარეობა კატასტროფულად არის შემცირებული. აფხაზური ენის, იდენტობისა და ტრადიციების დაკარგვა სამყაროსათვის აღუვსებელი დანაკლისი იქნება.

ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ, რათა დავიცვათ და გადავარჩინოთ ეს მდიდარი კულტურული მრავალფეროვნება, რის გამოც არაბები კავკასიას „ენათა მთად“ მოიხსენიებდნენ. მე ვსაუბრობ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სახელით, რომლებიც უკვე ათწლეულების მანძილზე ვერ უბრუნდებიან მამიპაპისეულ სახლებსა და მიწა-წყალს. ბატონო პრეზიდენტო, ომის ტრაგედიაზე ჩვენი პასუხი მრავალ კომპონენტს ითვალისწინებს: ჩვენი პასუხი ითვალისწინებდა ამ პერიოდის განმავლობაში მშვიდობის შენარჩუნებასა და და განვითარების უზრუნველყოფას; ეს ყოველივე მიღწეული იყო იმის შედეგად, რომ ჩვენ ვასრულებთ გაცემულ პირობას და პატივს ვცემთ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს; შესაბამისად, საოკუპაციო ხაზის მახლობლად არანაირი სამხედრო ძალები არ გვყავს განთავსებული. აგრეთვე საქართველომ ცალმხრივად თქვა უარი ძალის გამოყენებაზე.

ჩვენი პასუხი იყო გაწვდილი ხელი „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რაც საშუალებას აძლევს ოკუპირებული ტერიტორიების მოქალაქეებს, (იმ შემთხვევებში, როდესაც მათ ხელს არ უშლიან და არ უკრძალავენ) ხელი მიუწვდებოდეთ ჯანდაცვისა და განათლების სისტემების შეღავათებზე, ისარგებლონ ბიზნეს შესაძლებლობებით და მონაწილეობა მიიღონ, თუნდაც არაპირდაპირ, (თუნდაც მინიმალური) საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში. . ​ ჩვენი პასუხი ღიაობასა და ტოლერანტობას.გულისხმობს. გასულ წელს ჩვენ 1 500 000 რუსი ტურისტი მივიღეთ და არც ერთი ინციდენტი არ დაფიქსირებულა. ჩვენი პასუხი ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ჩვენს მიერ დასახულ გზაზე წინსვლას გულისხმობს. ვერაფერი გვათქმევინებს უარს საკუთარ ამბიციებზე და გადაგვახვევინებს ევრო და ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის კონკრეტული მიზნებიდან. ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ ყველა ამ მიმართულებით ისე, რომ ერთხელაც არ გადაგვიხვევია კურსიდან, არასოდეს დაგვითვლია, თუ რა ფასად გვიჯდება ეს ძალისხმევა და მუდამ ნათლად ვიცოდით, თუ რა მომავლისკენ, რა ბედისკენ მივილტვით. გარკვეულწილად ეს ჩვენი მშვიდობიანი გამარჯვებაა ომსა და ოკუპაციაზე, ტრაგედიასა და ნგრევაზე. მაგრამ როდესაც მშვიდობის მიზანსა და კონფლიქტისა თუ ოკუპაციის დასრულებაზეა საუბარი, საჭიროა ვიმოქმედოთ. ჩვენ გვჭრდება მოძრაობა და გვჭირდება დიპლომატია.

ჩვენ უარი ვთქვით ძალის გამოყენებაზე, მაგრამ დიალოგზე არ გვითქვამს უარი. ჩვენ მოქნილები ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არსებულ მდგომარეობას ვურიგდებით. ცვლილებების განხორციელება არის საჭირო. და ამას მარტო ვერ შევძლებთ. ჩვენ ყველას ჩართულობა გვჭირდება რეგიონში მდგრადი მშვიდობის მიზნის მისაღწევად. პირველ რიგში საჭიროა არსებული ფორმატების პოლიტიკური განზომილების გაფართოება, რათა შესაძლებელი გახდეს არსებითი და საგნობრივი დისკუსიების გამართვა. აუცილებელია ექსპერტთა დისკუსიებიდან პოლიტიკურ მოლაპარაკებებზე გადასვლა. საჭირო იქნება ყველა მხარის პოლიტიკური ნება, რათა ჟენევის ფორმატი არა მხოლოდ კონფლიქტის მართვის, არამედ მისი გადაჭრის ინსტრუმენტი გახდეს. ასევე აუცილებელია პოლიტიკური ნება, რომ საჭიროების შემთხვევაში, ახალი ფორმატები შეიქმნას. ნებისმიერი ფორუმი და დიალოგი, ფორმალური თუ არაფორმალური უნდა იქნეს გამოყენებული, რათა რუსეთი ჩაერთოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების მკაცრად შესრულების შესახებ დისკუსიებში; რათა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საშუალება მიეცეს, დაკვირვება განახორციელოს მთელ ტერიტორიაზე (როგორც ეს თავის დროზე იქნა შეთანხმებული). დეესკალაცია საოკუპაციო ხაზზე ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, რამაც კონფლიქტის ეფექტურ მოგვარებამდე უნდა მიგვიყვანოს. ასევე ყველასათვის ნათელი უნდა იყოს, რომ ახალმა კონფლიქტებმა ძველი არ უნდა დაგვავიწყოს, რადგან მშვიდობის დაყოფა და დანაწევრება არ შეიძლება.

ბატონო პრეზიდენტო, მშვიდობას არა მხოლოდ ომი ემუქრება, მას აგრეთვე სულ უფრო მეტ პრობლემებს უქმნის შიდა საფრთხე, რომელიც მზარდ ზემოქმედებას ახდენს ჩვენს სახელმწიფოებსა და საზოგადოებებზე: პოლარიზაცია, სამოქალაქო ღირებულებების გაუფასურება და ურთიერთპატივისცემის დაკარგვა, ზიზღის შემცველი გამონათქვამები, ყალბი ინფორმაცია, კონსპირაციის თეორიები – ყოველივე ეს ქმნის შავ ხვრელს, რომელიც ძირს უთხრის ჩვენი საზოგადოების სტრუქტურასა და დემოკრატიის საფუძვლებს. პასუხი ჩვენს წინ არის: უნდა გადავსინჯოთ ჩვენი ტრადიციული ღირებულებები: ტოლერანტობა მათ შორის უმნიშვნელოვანესია; პლურალიზმი მხოლოდ ცარიელი სიტყვაა, თუ მასში არ იგულისხმება პატივისცემა სხვათა აზრის მიმართ.

საქართველო, რომელიც რელიგიური, ეთნიკური და კულტურული ტოლერანტობისა და ღიაობის საუკუნოვან მაგალითს წარმოადგენს, შეიძლება იმ ბრძოლის ავანგარდში მოექცეს, რომელშიც ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ. საერთაშორისო საზოგადოებრიობა თავისუფალი მოქალაქეებისა და ჯანსაღი საზოგადოებებისგან შედგება. ჩვენ ვერ მივაღწევთ მდგრადი განვითარების მიზნებს, თუკი შიგნიდან დავსუსტდებით, დავიქსაქსებით და ერთმანეთს დავუწყებთ ბრძოლას. ეს გახლავთ ჩემი მოწოდება ქართველების და არა მხოლოდ ქართველების მისამართით! ბატონო პრეზიდენტო, სიღარიბის დაძლევა საქართველოს ყოველი მთავრობის უმთავრეს საზრუნავს წარმოადგენს. ჩვენი ქვეყანა ძალისხმევას არ იშურებს, რათა ეკონომიკის მოდერნიზაცია მოახდინოს და საერთაშორისო სტანდარტები დანერგოს მსოფლიო ბაზრებზე ადგილის დასამკვიდრებლად, ოპტიმალურად გამოიყენოს თავისი უნიკალური პოზიცია ევროპისა და აზიის ბაზრებს შორის;

საქართველო სწორ გზაზეა მდგრადი ზრდის მიმართულებით. მაგრამ ჩენ მეტის გაკეთება გვჭირდება. განათლება და კვალიფიკაცია უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია უმუშევრობისა და სიღარიბის დასაძლევად. ეს არა მხოლოდ ნებისმიერი ადამიანის ძირითადი უფლება, არამედ ყოველი ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის აუცილებელი წინაპირობაც გახლავთ. ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლების უზრუნველყოფა დღესდღეისობით საქართველოსათვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტსა და ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედს წარმოადგენს.

ეს ჩვენი პრიორიტეტი მხოლოდ სიტყვებით კი არ არის გამოხატული, არამედ კონკრეტულ ციფრებში აისახება: დაგეგმილია განათლების ბიუჯეტის გაზრდა, 2022 წელს იგი მშპ-ს 6 %-ს მიაღწევს. ჩვენ უკვე განვახორციელეთ განათლების სისტემის გარდაქმნისკენ მიმართული რიგი რეფორმები, რაც საშუალებას მოგვცემს, პირველ რიგში, აღვზარდოთ თავისუფალი მოქალაქეები, და შემდგომში, კონკურენტუნარიანი გავხდეთ საერთაშორისო პლატფორმაზე. მეცნიერება და ტექნოლოგია, კვლევა და ინოვაცია მომავალი განვითარების საფუძველს წარმოადგენს. საქართველო უდიდეს ყურადღებას აქცევს განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციას და ამ მიმართულებით წამყვან ევროპულ და ამერიკულ ინსტიტუტებთან თანამშრომლობს. ქართველი სტუდენტები სიხარულით უერთდებიან მსოფლიო სტუდენტურ საზოგადოებრიობას, 3600 სტუდენტმა უკვე მიიღო მონაწილეობა ერაზმუსის პროგრამაში.

პატივცემულო დელეგატებო, გარდა ამისა, კლიმატის ცვლილების გამო უახლოეს მომავალში სავარაუდოა დიდი რაოდენობით ახალი კატეგორიის მიგრანტების გამოჩენა. ბატონო პრეზიდენტო, მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელსაც მითოლოგია ჯანმრთელობასა და მედიცინასთან აკავშირებს მედეას, მედიცინის ქალღმერთის წყალობით. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ჩვენ ტრადიციულად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჯანდაცვას. ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას. არც ის არის გასაკვირი, რომ ჩვენ ბრწყინვალე ექიმები გვყავს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოღვწეობენ. საქართველო უფრო და უფრო მეტად პოპულარული ადგილი ხდება სამედიცინო ტურიზმისათვის თავისი მრავალრიცხოვანი თერმული კურორტების წყალობით, რომელთა მოდერნიზაცია ამჟამად ხორციელდება. ჩვენ გვწამს, რომ ჯანმრთელობა ყოველი ადამიანის ხელშეუხებელი უფლებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს საყოველთაო და ხელმისაწვდომი ხარისხიანი ჯანდაცვის მომსახურება. ამ ხელშეუხებელ უფლებას დღეს საფრთხე ემუქრება მკურნალობისა და მედიკამენტების ფასების ზრდის გამო.

თანამედროვე სამყაროში სულ უფრო მეტი დაავადების განკურნება არის შესაძლებელი, მედიცინა სასწაულებს ახდენს, მაგრამ ფასები მრავალჯერ იზრდება და ტვირთად აწევს სოციალურ ბიუჯეტს, საზოგადოებრივ სამსახურებსა და ცალკეული მოქალაქეების პირად რესურსებს. 2013 წლიდან მოყოლებული საქართველომ პოლიტიკური არჩევანი გააკეთა ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის სისტემის სასარგებლოდ. ჯანდაცვაზე გამოყოფილი ბიუჯეტი სამჯერ გაიზარდა სხვა სექტორებთან შედარებით და ჩვენი მოქალაქეების 90 %-ს ხელი მიუწვდება პირველადი ჯანდაცვის სისტემის მომსახურებაზე. ჩვენ სერიოზული მიღწევები გვაქვს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის კუთხით, TB ის, TB -ის რეზისტენტული ფორმების მკურნალობის სფეროში; შიდსი/აივ თითქმის დაძლეულია. საქართველოში წარმატებით განხორციელდა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ჯანმო-სა და სხვა კერძო სექტორის პარტნიორების მხარდაჭერით, რითაც ეროვნული მასშტაბით ქრონიკული დაავადების დაძლევის მსოფლიოში პირველი პრეცედენტი შეიქმნა. ჩვენ კიდევ ბევრი სერიოზული გამოწვევა გვაქვს. მეამაყება, რომ ამ ორიოდ დღის წინ შედგა ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის პრეზენტაცია, რომელსაც USAID უჭერს მხარს. იმედი გვაქვს, ეს პროექტი საფუძვლად დაედება საერთაშორისო თანამშრომლობას საქართველოში.

ქალბატონებო და ბატონებო, ყველასათვის ცხადია, რომ კლიმატის ცვლილება, თითოეულ ადამიანსა და თითოეულ ქვეყანაზე ახდენს გავლენას. ჩვენ უკვე უშუალოდ ვგრძნობთ ამ ზემოქმედებას და გვესმის, თუ რა პასუხისმგებლობა გვაკისრია ჩვენი პლანეტის გადასარჩენად, რათა ჩვენ შვილებს შეეძლოთ აქ ცხოვრება. ზოგ ტერიტორიებზე გაუდაბნოების პროცესი მიმდინარეობს, ზოგი ტერიტორია იტბორება ზღვის დონის მატების გამო, ზოგან კი დამანგრეველი ქარიშხლები მძვინვარებს, რისი მოწმეც ამ ცოტა ხნის წინ გავხდით ბაჰამას კუნძულებზე, ასევე გავიხსენოთ ხანძრები ამაზონიაში. საქართველო, როგორც კლიმატის ცვლილების შესახებ გაერთიანებული ერების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC ) წევრი ქვეყანა, სრულად უჭერს მხარს კონვენციის მიზნებს, კლიმატის ცვლილების მთავრობათშორისი საექსპერტო ჯგუფის (IPCC) დასკვნების შესაბამისად მოქმედებს, აღიარებს რა გლობალურ დათბობას და კლიმატის ცვლილებას, როგორც უდაო ფაქტს, აცნობიერებს რისკს, რომ კლიმატის ცვლილების სახიფათო ზემოქმედების რისკები მნიშვნელოვნად იმატებს, თუკი პლანეტის მასშტაბით 20C -ს გადააჭარბებს მრეწველობის ინტენსიურ განვითარებამდე არსებულ დონეებთან შედარებით.

შესაბამისად, საქართველომ განაახლა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი (NDC) 2021-2030 წლების კლიმატის სამოქმედო გეგმის შემუშავების პარალელურად, იმის უზრუნველსაყოფად, რომ 2030 წლისთვის სათბური გაზების დონე 40 %-ით ნაკლები იქნება 1990 წელს დაფიქსირებულ დონესთან შედარებით. კლიმატის სამიტზე, რომელიც ამ ორი დღის წინ შედგა, კარგად გამოჩნდა სერიოზული ნახტომისათვის საჭირო იმპულსი და ნება, აგრეთვე არსებული პოტენციალი, რომელიც ითვალისწინებს კლიმატის საზოგადოებრიობისთვის უფრო ამბიციური ზომების უზრუნველყოფას პარიზის შეთანხმების შესასრულებლად.
საქართველოს, როგორც მრავალ სხვა მცირე ზომის ქვეყანას, არ აქვს მასშტაბური მრეწველობა, რასაც სათბური გაზების გამოყოფა მოჰყვება. მაგრამ ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მსგავსად, ჩვენ ვგრძნობთ არსებულ ზეგავლენას და მისდამი ადაპტირებას ვახდენთ. ჩვენი მიზანია კლიმატის ცვლილების მიმართ მოქნილი საქართველო ავაშენოთ და შევამციროთ კლიმატით გამოწვეული დანაკარგები. ​დღესდღეისობით საქართველო ფაუნისა და ფლორის ბიომრავალფეროვნების უნიკალურ რეზერვუარს წარმოადგენს, სადაც დიდი რაოდენობით ენდემური სახეობებია თავმოყრილი. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს უნიკალური გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და ბიომრავალფეროვნება ჩვენი პლანეტის მომავლისთვის უნდა იქნეს შენარჩუნებული.. საქართველო კლიმატის ინტეგრირებული პოლიტიკის შემუშავების პროცესში იმყოფება. ჩვენ ვნერგავთ კლიმატის მიმართ მეგობრულ სტიმულებს ენერგეტიკის სფეროში, ასევე მხარს ვუჭერთ მწვანე ეკონომიკასა და ენერგო ეფექტურ ინიციატივებს. ამ მხრივ პრევენციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ამინდს, მაგრამ სტიქიური უბედურებები სრულებითაც არ არის გარდაუვალი. უფრო მეტიც, ადგილობრივი თემების დახმარებით მათ მიერ სტიქიური მოვლენების რისკების გააზრებასა და შემცირებაში საქართველო მოქნილობის ფუნქციას აძლიერებს, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიისა და თვითმმართველობისათვის.

და ბოლოს, ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ მხარდამხარ ვერ ვიბრძოლებთ, თუკი საერთო ძირითადი ფასეულობები არ გვექნება. დემოკრატია ერთერთი ასეთი ფასეულობაა. დემოკრატია ის არის, რაც თითოეული და ყოველი მოქალაქის სრული ჩართულობის, სრული ვალდებულებისა და პასუხისმგებლობის საშუალებას იძლევა გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაში, რომელსაც ახლა ვახორციელებთ (ვიწყებთ). უკვე 28 წელი გავიდა, რაც საქართველომ დემოკრატიული გზით განვითარებისაკენ გააკეთა არჩევანი. თანდათან საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან ჩვენ სრულ საპარლამენტო სისტემაზე გადავედით. ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის გზით ჩვენ უფრო და უფრო გამჭვირვალე და ღია საარჩევნო სისტემამდე მივედით.

სრულად პროპორციული სისტემის დანერგვის შედეგად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შეიძლება კოალიციური მთავრობაც კი მივიღოთ. პლურალისტული და ძლიერი მას მედია დღევანდელი საქართველოს რეალობა გახლავთ. „ჟურნასლიტები საზღვრებს გარეშე“ საქართველოს მე-60-ე ადგილს ანიჭებენ; შთამბეჭდავი პროგრესია ამ ბოლო 7 წლის განმავლობაში, როდესაც საქართველო 104-ე ადგილს იკავებდა. სტრასბურგის სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება კიდევ უფრო ამყარებს საკუთრების უფლებას, მათ შორის მედიის სექტორში, რასაც შედეგად მეტი პლურალიზმი და ახალი არხების გახსნა მოჰყვა. ახალი კონსტიტუცია, რომელიც გასულ წელს იქნა მიღებული, კიდევ ერთხელ ადასტურებს ძალაუფლების გამიჯვნის მკაცრ პრინციპს, ხაზს უსვამს ყველა ძირითად უფლებას და დიდი რაოდენობით ახალი სოციალური უფლებების შემოტანით მაღალ სტანდარტს ნერგავს; ყოველივე ამის წყალობით იგი ერთერთი პროგრესული კონსტიტუცია გახლავთ მსოფლიოში. ასეთივე იყო 1921 წლის კონსტიტუციაც, რომელიც აღიარებდა ქალთა საარჩევნო უფლებას, რაც გულისხმობდა როგორც როგორც ხმის მიცემას, ასევე არჩევნებიში კანდიდატად მონაწილეობას. პირველ დამფუძნებელ კრებაში 5 ქალი იქნა არჩეული; საქართველო ქვეყანაა, სადაც საერთოდ პირველად იქნა არჩეული მუსლიმი ქალი. დღეს მე მსოფლიოს 11 ქალ პრეზიდენტთა რიცხვს ვეკუთვნი და რეგიონში პირველი ქალი პრეზიდენტი ვარ.

საქართველო ამჟამად გადავიდა სასამართლო რეფორმების მეოთხე ეტაპზე, რომელიც მიზნად ისახავს მოსამართლეთა დამოუკიდებლობის უფრო მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფას, სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების რწმენის გაზრდას და იუსიტიციის უმაღლესი საბჭოს დემოკრატიზაციას. ეს ყველაზე საფრთხილო და მნიშვნელოვანი ეტაპია და დამატებით დახმარებასა და მხარდაჭერას მოითხოვს პარტნიორებისაგან.
პროგრესი სახეზეა და ადვილად შეიძლება გაიზომოს: ბოლო 6 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მოქალაქეების მიერ წარდგენილი საჩივრების რიცხვი 11-ჯერ შემცირდა 4453-დან 415-მდე. მართლმსაჯულების მსოფლიო პროექტის მიერ 2019 წელს გამოქვეყნებული კანონის უზენაესობის ინდექსის კვლევის შედეგებით, საქართველო 126 სახელმწიფოს შორის 41-ე ადგილს იკავებს. . გარდა 2014 წელს მიღებული კანონისა, რომელიც ყველა სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრას ითვალისწინებს, ჩვენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ თანასწორობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შრომით ურთიერთობებში, დასაქმების სფეროსა და პროფესიულ საქმიანობაში. აგრეთვე ბევრი რამ კეთდება სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ საბრძოლველად. ახლა მუშავდება ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც სრულად შეესაბამება ბავშვის უფლებათა კონვენციას.

ბატონო პრეზიდენტო, ნება მომეცით დავასრულო, დიახ, ჩვენ 50 წლის ოცნება გვქონდა! ადამიანმა მთვარეზე დაადგა ფეხი. არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, თუ რამდენად რთული იყო ამ ოცნების განხორციელება, რა სერიოზული ადამიანური, ფინანსური, სამეცნიერო რესურსები და რამდენი მსხვერპლი დასჭირდა ამას. მიუხედავად ამისა, ჩვენ ეს შევძელით! მაგრამ დღეს ჩვენ სხვა გამოწვევის წინ ვდგავართ, სხვა ოცნება გვაქვს!! ეს ყველაზე უფრო ამბიციური გლობალური პროგრამა გახლავთ, რაც კი კაცობრიობას ოდესმე შეუდგენია!! ეს პროგრამა ორი სიტყვით შეიძლება მარტივად ჩამოყალიბდეს: „დედამიწას დავუბრუნდეთ“! ჩვენ ყველას ერთი პლანეტა გვერგო მემკვიდრეობად და ქართველებს მშვიდობით გვსურს ამ პლანეტაზე ცხოვრება. ყველას უნდა გვახსოვდეს, მხოლოდ ერთი ცხოვრება გვაქვს გასავლელი და მხოლოდ ერთ პლანეტა – გადასარჩენი! არალეგალური მიგრაციის შემცირება აუცილებელია უვიზო მიმოსვლის, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესის ყველაზე ღირებული უპირატესობის, შესანარჩუნებლად. საზღვარზე უკეთეს კონტროლთან ერთად, რაც აუცილებელია და უკვე მიმდინარეობს, მკაცრი სავიზო პროცედურის აღდგენის ნაცვლად არსებობს რამდენიმე გამოსავალი: უპირველეს ყოვლისა, ეს არის ცხოვრების სტანდარტების ამაღლება და ქვეყანაში სოციალური დაცვის, შრომის უსაფრთხოების, ცხოვრების დონის უზრუნველყოფა, რასაც ემიგრანტთა უმრავლესობა სხვაგან ეძებს. საქართველო ევროპული ინტეგრაციის გზას ხედავს როგორც ყველაზე პირდაპირს ამ მიმართულებით. ამას დრო დასჭირდება, თუმცა, ჩვენ ამ გზაზე ვართ. მეორე გზა ამ ნაკადების რეგულირებაა სახელმწიფოებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებებით, რათა საერთო ინტერესის სფეროებში ნებადართული იყოს ლეგალური და დროებითი დასაქმება.

საქართველო მთავარ პარტნიორებთან აქტიურად მუშაობს ცირკულარული მიგრაციასთან დაკავშირებული შეთანხმებების გაფორმებაზე. უმართავი, დაურეგულირებელი მიგრაციები მთავარ დამაზიანებელ ფაქტორად დარჩება, რომელსაც შეუძლია მშვიდობასა და სტაბილურობაზე ზემოქმედება მოახდინოს. მართვადი და რეგულირებული მიგრაციები შესაძლოა იქცეს მთავარ ღირებულებად კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის უკეთესი ურთიერთგაგებისა და კომუნიკაციისთვის, უფრო მეტი ტოლერანტობისა და გამოცდილების ერთობლივად გაუმჯობესებისათვის”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი გაერო-ში ინგლისურად გამოვიდა, თუმცა სიტყვა ქართულად, ფრაზით “ღმერთი გფარავდეთ!” დაასრულა.