საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლანჩხუთში „გურიის“ საფეხბურთო აკადემიას ესტუმრა, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და აკადემიის აღსაზრდელებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის მიესალმება მსგავს პროექტებს, რომლებიც მიზნად ქართული სპორტის განვითარებას ისახავს და მომავალში ქალთა ფეხბურთის კიდევ უფრო განვითარება ისურვა.
„ამ ტიპის საფეხბურთო აკადემია გურიაში პირველია. ფეხბურთის ფედერაციისა და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით შენობის რეაბილიტაცია ხორციელდება და ხელოვნურსაფარიანი მინდვრისა და ტრიბუნების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საცხოვრებელი კორპუსი 50 აღსაზრდელის მიღებას შეძლებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.