სალომე ზურაბიშვილი წმინდა ნინოს გზას დილიდან დაადგება. ის უკვე ფარავანზეა

პრეზიდენტი, რომელმაც ორი დღის წინ დააანონსა, რომ პირველ ივნისს საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლის მარშრუტს გაივლიდა, საქმეს უკვე შეუდგა. პრეზიდენტი ფარავანის ტბაზეა, საიდანაც წმინდა ნინოს მარშრუტს ხვალ დილიდან გაუყვება.
სალომე ზურაბიშვილის პირად ფეისბუქ გვერდზე გამოჩნდა ფოტოები და ვიდეოები, რომლებზეც ზურაბიშვილი და მისი თანმხლები პირები კოცონს ანთებენ და მხიარულობენ.
1 ივნისი საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლის დღეა. სწორედ ამ დღეს გაიმეორებს წმინდა ნინოს მარშრუტს პრეზიდენტი.

დილით ის ფოკას მამათა მონასტერში წირვას დაესწრება, შემდეგ კი რამდენიმე ასეულ ადამიანთან ერთად მსვლელობით გაივლის წმინდა ნინოს გზას ჯავახეთიდან მცხეთამდე.

სალომე ზურაბიშვილს ამ გზით საქართველოს ახალი ტურისტული მარშრუტის პოპულარიზაცია სურს, რადგან ევროპაში პილიგრიმობა პოპულარულია და ამ კუთხით ტურიზმის განვითარება ჩვენში მისი აზრით  ევროპას შემოიყვანს.
“ამ გზებით ევროპელები მიხვდებიან რამდენად ევროპულია საქართველო. ეს მარშრუტები მნიშვნელოვანია როგორც კულტურული და ტურისტული კუთხით, ასევე ეკონომიკური და რეგიონული თვალსაზრისითაც. ეს მარშრუტები ჩვენი რეგიონების აღმოჩენა იქნება, რადგან ეს არის რეგიონების პირდაპირი და სწორი განვითარების გზა”, — განაცხადა ორი დღის წინ ზურაბიშვილმა.