სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში გაიმართება

კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია ქალაქ თელავში 16 დეკემბერს გაიმართება. მისი თქმით, ინაუგურაცია ბატონის სასახლის ციხე-გალავნის ტერიტორიაზე იგეგმება.

როგორც ცნობილია, საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებულმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მმართველ გუნდს დიალოგის დაწყება შესთავაზა და განაცხადა, რომ სწორედ 16 დეკემბრამდე აქვს ხელისუფლებას ვადა,  გამოყოს 5-კაციანი ჯგუფი ოპონენტებთან სასაუბროდ. გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს.

დღესვე გაერთიანებული ოპოზიცია “ლეიბორისტების” ოფისში სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მსჯელობს. შეხვედრას “ევროპული საქართველოს” და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებიან. კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი, როდის შევა სარჩელი სასამართლოში არჩევნების გაბათილების მოთხოვნით.