სალომე ზურაბიშვილის პირველი შენიშვნა ჟურნალისტებს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ

 

“ნუ დარბიხართ, ვეღარ მიეჩვიეთ, რომ პრეზიდენტი ვარ?” – ასე მიმართა საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს, რომლებიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების 4 მილიონამდე ლარით შემცირებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის გაუქმების საკითხით დაინტერესდნენ.

 


სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს არის საბიუჯეტო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, საქართველოს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება თითქმის 4 მილიონი ლარით მცირდება, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი კი მთლიანად უქმდება.

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება განსაზღვრულია 6 მილიონი ლარით, ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველი ვარიანტით კი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საბიუჯეტო დაფინანსება არ იცვლებოდა და ის 2018 წლის მსგავსად, 2019 წელსაც 9 800 000 ლარით იყო განსაზღვრული.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა რაოდენობა 140-დან 60 ადამიანამდე შემცირდება.