სამართალდამცავებმა თბილისში დააკავეს მამაკაცი, რომელიც საბრძოლო მასალით გადაადგილდებოდა

თბილისში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 45 წლის მამაკაცი დააკავეს. დაკავებული ავტომობილით გადაადგილდებოდა, საიდანაც სამართალდამცავებმა დიდი ოდენობით რამდენიმე ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდებითა და საბრძოლო ვაზნები ამოიღეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ავტომანქანით გადაადგილდებოდა. პოლიციამ, დაკავებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, “ჩეზეს” სისტემის პისტოლეტი და “ჰეკლერ-კოხის” სისტემის ავტომატი, სხვადასხვა სისტემის იარაღის 6 მჭიდი და 126 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.”-აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.