სამართალმა იზეიმა – პრემიერის ბრიფინგის დეტალები (ვიდეო)

 

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას პრემიერ-მინისტრი გმობს. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  ამბობს, რომ   ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, ადამიანის პირადი სივრცე ხელშეუხებელი რომ იყოს.


მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერმა ქეთევან წამებულის გამზირზე ბუნებრივი აირის გაჟონვის მიზეზით გარდაცვლილების ოჯახებსაც მიუსამძიმრა. მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ გაზმომარაგების სისტემური გაუმართაობის თუ სხვადასხვა დაუდევრობით ადამიანების სიცოცხლის მოსპობის შემთხვევები უნდა დამთავრდეს. მისივე ინფორმაციით, დაწყებულია მუშაობა კანონმდებლობის გამკაცრებაზე, რაც შეეხება როგორც გაზის მიმწოდებელ კომპანიებს, ისე მომხმარებლებს.

პრემიერი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა, რომელიც რუსეთს 2006 წელს მასობრივად დეპორტირებული ასქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციის გადახდას აკისრებს და განაცხადა, რომ სამართალმა იზეიმა.

პრემიერ მინისტრმა დღეს სასკოლო გამოცდებთან დაკავშირებული სიახლეც გაახმაურა. ბახტაძე ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილებით წელსვე გაუქმდება როგორც მე-11, ისე მე-12 კლასის საატესტატო გამოცდები.