“სამართლიანობა ჩამოიქცა“ – დავით მაღრაძე ივანიშვილს კერპს უწოდებს და “დაიცავი საქართველოს“ ააქტიურებს

საზოგადოებრივი მოძრაობა“დაიცავი საქართველო“, რომელიც 2009 წელს მაშინდელი ოპოზიციის და საზოგადოების ნაწილმა შექმნა ისევ გააქტიურდება. პოეტმა დავით მაღრაძემ ამის შესახებ დღეს ინგა გრიგოლიას “რეაქციაში“ ისაუბრა. ის ამბობს, რომ მოძრაობის შემქნის საჭიროება იგრძნო, კონსულტაციები გაიარა ძველ და ახალ თანამებრძოლებთან და მათი მოსაზრებები ერთმანეთს დაემთხვა.
მოძრაობის სახელი მწერალ ჭაბუა ამირეჯიბს ეკუთვნის. შექმნისას მას პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ლევან გაჩეჩილაძე ედგა სათავეში. მოძრაობა მრავალრიცხოვნი საპროტესტო ტალღის შემდეგ, სააკაშვილის ხელისუფლებასთან ბრძოლისთვის შეიქმნა, მოგვიანებით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აქტიურობა შეწყვიტა.
დავით მაღრაძე აკონკრეტებს, რატომ ჩათვალა საჭიროდ ამ მოძრაობის გააქტიურება. მაღრაძე, რომელიც ივანიშვილის მეგობარი და ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერი იყო ამბობს, რომ მაშინ მთავარი მიზანი უსამართლობასთან დაპირისპირება, აღმოსავლური ტიპის დესპორტიის შექმნის წინააღმდეგ ბრძოლა იყო. უსამართლობასთან ბრძოლა დღესაც აქტუალურია:
“ივანიშვილ–სააკაშვილის დაპირისპირების ჩარჩოდან უნდა გავათავისუფლოთ ხვალინდელი დღე.ეს დაპირისპირება ვიდრე ატარებდა შინაარსს უსამართლობა და სამართლიანობას შორის დაპირისპირების, ამ შინაარსის გამო ბევრი რამ იყო გამართლებული.
როცა ახალმა ხელისუფლებამ ზნეობრივი არჩევანი გააკეთა იმათ სასარგებლოდ, რასაც ჩვენ ვუპირისპირდებოდით, ამის შემდეგ შინაარსი დაკარგა, ჩამოიცალა შინაარსისგან ძველი და ახალი ხელისუფლებების დაპირისპირება. შინაარსს ვეღარ ვხედავ, იმიტომ რომ სამართლიანობა ჩამოიქცა.
ძველი აღმოსავლური დესპოტიის შექმნის მცდელობა ეყრდნობოდა სწორედ იმ ბურჯებს, სადაც დღევანდელი მოსამართლეების ძებნა დაიწყო დღევანდელმა ხელისუფლებამ. ესენი იყვნენ უსამართლობის ბურჯები. ესენი არ იყვნენ შემთხვევითი ადამიანები, რომლებმაც ახლოს გაიარეს, მიესალმნენ ძველ ხელისუფლებას და ამით დაშორდნენ ერთმანეთს. ესენი იყვნენ ბურჯები, სვეტები, რომელზეც ძველი ხელისუფლება აშენებდა უსამართლო სახელმწიფოს. ზუსტად ამ სვეტზე გადაწყვიტა ამ ხელისუფლებამ ააშენოს ახალი სამართალი.“– ამბობს მაღრაძე.
მისი განცხადებით “დაიცავი საქართველოს“ შემადგენლობაში არ იქნება მხოლოდ ის გუნდი, ვინც ამ მოძრაობის სათავეებთან იდგა და ის დიდი ემოციით ელის ახალგაზრდებსაც – ნაცნობებს და უცნობებს.
“მე ასე წარმომდიგენია – დაიცავი საქართველო თავისუფლებისთვის ბრძოლის ესტაფეტაამ ორგანიზაციას აქვს ღირებული მემორიალური ფასეულობა. ამ ორი პოლუსიდან, რომელსაც ძველი და ახალი ხელისუფლება წარმოადგენს, უნდა გათავისუფლდეს საქართველოს ხვალინდელი დღე. ერთ ერთი უწინარესი თემა ისიც იქნება რომ ეროვნულ თანხმობას მივაღწიოთ. ეროვნული თანხმობა უნდა შედგეს.ეს უზარმაზარი, სამკვდრო სასიცოცხლო დაპირისპირება მოსახლეობაში პოლიტიკურ ნიადაგზე უნდა გადაიზარდოს ცივილურ პოლიტიკურ პაექრობაში.
კერპთაყვანისმცელობიდან გათავისუფლებით უნდა დაიწყოს ეს. კერპებიც უნდა გათავისუფლდნენ. რომ დაინახავენ, რომ აღარ არიან ჩვენთვის კერპები და ჩვეულებრივი მოკვდავები არიან, თვითონაც გათავისუფლდებიან.დღევანდელი მმართველობა არ მგონია რომ იყოს მისაღები ხვალინდელი დღის გამოწვევებისა, როდესაც შეიძლება რომ ყველაფრის მინისტრი ერთი ადამიანი იყოს – კულტურის, ფინანსთა, ინფრასტრუქტურის“ – ამბობს დავით მაღრაძე.
ის ჯერჯერობით არ ასახელებს არცერთ კონკრეტულ გვარს, ვინ იქნება მოძრაობის აქტიური წევრი. ის პოლიტიკაში მონაწილეობას არ უარყოფს, თუმცა არ ჯერჯერობით არ იცის, რა ფორმით მიიღებს მოძრაობა მონაწილეობას არჩევნებში – უშუალოდ, თუ მათთვის მისაღები ადამიანების და გუნდის მხარდაჭერით არჩევნებში.
დავით მაღრაძე პირადად ივანიშვილს დამსახურებას არ უკარგავს საქველმოქმედო პროექტებისა და სააკაშვილის ხელისუფლებისთვის დამარცხებისთვის, თუმცა მასაც კერპად მოიხსენიებს.