თურქეთის აღმოსავლეთში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. თუმცა გადარჩენილების პოვნის იმედი სულ უფრო ნაკლებია. ქალაქ ელიაზიგში მიწისძვრის შემდეგ ნანგრევებიდან ათეულობით ადამიანი ამოიყვანეს. გუშინ მიწისძვრით დაზარალებულ რაიონებში დამატებითი ძალები გადაისროლეს. სიტუაციას ართულებს ჰაერის დაბალი ტემპერატურა და ღამით ყინვები. დადასტურებულია მინიმუმ 35 ადამიანის სიკვდილი. დაზარალებულია 1600–ზე მეტი. დაახლოებით ასი დაჭრილი ჰოსპიტალიზირებულია. მათი ნაწილი მძიმე მდგომარეობაშია.
ელიაზისა და მალათიაში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ განმეორებითი ბიძგები არ წყდება. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ინფორმაციით სულ დანგრეულია 70ზე მეტი სახლი. ათასზე მეტი სახლი კი სერიოზულად დაზიანდა. პრეზიდენტმა ერდოღანმა პირობა დადო, რომ უსახლკაროდ დარჩენილებს ახალ საცხოვრებელს სასწრაფოდ შესთავაზებენ.
ადგილობრივ მოსახლეობას ახალი ბიძგების ეშინიათ და ღამეს ქუჩაში ათევენ. დღეს დილით მალათიაში მართლაც დაფიქსირდა 4.3 მაგნიტუდის სიმძლავრის კიდევ ერთი მიწისძვრა