სამეგრელოში საფლავების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამეგრელოს პოლიციამ საფლავების გაქურდვის ბრალდებით 21 წლის ორი ახალგაზრდა დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ახალგაზრდებმა სულ 10 საფლავი გაქურდეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა სოფლებში – ჭოღაში, ნაფიჩხოვოში, კურზუსა და ქალაქ ჩხოროწყუში 10 საფლავი გაქურდეს. ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ საფლავების მესრების ლითონის დეტალებს, რომლებიც შემდეგ ქალაქ სენაკსა და ქალაქ ზუგდიდში მდებარე შავი და ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტებში ჩააბარეს.

პოლიციამ ქალაქ სენაკში, ფერადი ლითონების მიმღები ერთ-ერთი პუნქტიდან, ნივთმტკიცების სახით ამოიღო საფლავებიდან მოპარული ლითონის ფირფიტები. ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას გულისხმობს“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.