თუშეთში, ავარიის შედეგად დაღუპულებს შორის ერთი ოჯახის სამი წევრია – მამა და ორი შვილი შაბალაიძეები. გარდაცვლილთაგან ერთი, გაგა შაბალაიძე არასრულწლოვანია.
ასევე გარდაცვლებს შორისაა სატვირთოს მძღოლი ზაურ გიგოიძე.
შსს-ს ინფორმაციით, თუშეთში მომხდარი ავარიის შედეგად სულ 5 ადამიანია გარდაცვლილი. მათ შორის, 1 არასრულწლოვანია. ავტოსაგზაო შემთხვევა თელავის რაიონში, ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-20 კილომეტრზე მოხდა. სატვირთო მანქანა ხევში 400 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
ხევში გადავარდნილების სამძებრო სამუშაოები დღეს განახლდა.
გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ომალოს მიმართულებით მოძრავი „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. საქმესთან დაკავშირებით დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.