სამხრეთ კორეაში კორონავირუსი სავარაუდოდ რელიგიური ჯგუფიდან გავრცელდა

სამხრეთ კორეა კორონავირუსისთვის მომზადებული იყო, თუმცა ქვეყანაში ჩინეთის შემდეგ ვირუსი ყველაზე მასშტაბურად გავრცელდა. დღევანდელი მონაცემებით 3500-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 17 კი გარდაიცვალა.

როგორც BBC წერს, ოფიციალურმა უწყებებმა დაადგინეს, რომ სამხრეთ კორეაში კორონავირუსი სავარაუდოდ არაფორმალური ქრისტიანული ჯგუფიდან, შინჩონჯიდან გავრცელდა.

ჯანდაცვის სპეციალისტები აცხადებენ, რომ რელიგიური ჯგუფის წევრი 61 წლის ქალი ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების დიაგნოზი დაუსვეს, მანამდე მან რელიგიურ მსახურებაზე, სხვა პირებიც დააინფიცირა. როგორც ცნობილია, პაციენტის ვირუსის დადასტურებამდე არაერთ რელიგიურ მსახურებას ესწრებოდა.

სამხრეთ კორეის იუსტიციის მინისტრის თქმით, აღნიშნული რელიგიური ჯგუფის 42-მა წევრმა ივლისიდან დღემდე ვუჰანიდან იმოგზაურა, რომელიც ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების თავდაპირველი ეპიცენტრია.

BBC-ს ცნობით, რელიგიური ჯგუფის ლიდერმა კორეელ ხალხს გამოწვეული მღელვარების გამო ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ დაავადების გავრცელების პრევენციისთვის ყველა დაწესებულება დახურეს , მათი წევრები კი სახლში თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

შინჩონჯი სამხრეთ კორეაში დაფუძნებული ქრისტიანული სექტაა, რომელსაც 230 ათასამდე წევრი ჰყავს.