“სამშაბათს მე მეჭირება ხელში ოთხივეს ფოტო, რომლითაც აჭრელდება სოციალური ქსელი”-ჩალაგაშვილის ულტიმატუმი ხელისუფლებას

სამშაბათს მე მეჭირება ხელში ოთხივეს ფოტო, რომლითაც აჭრელდება სოციალური ქსელი-„გამარჯვებული საქართველო” ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს. გურამ ჩალაგაშვილის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, იარაღზე, რომლის გამოც მისი თანაპარტიელი კობა კოშაძე დაიჭირეს, კოშაძის დნმ-ის კვალი აღმოჩენილი არაა.

ჩალაგაშვილის თქმით, მის პარტიას აქვს იმ ოთხი პოლიციელის პირადი მონაცემები, ვინც კოშაძის წინააღმდეგ ჩვენება მისცა და იმ შემთხვევაში, თუ ეს სამართალდამცველები ორშაბათამდე ახალ ჩვენებას არ მისცემენ გამოძიებას, ჩალაგაშვილი მათი ფოტოების გამოქვეყნებას აანონსებს.

„მინდა მივმართო პროკურატურას, თადუმაძეს, უდიპლომო ადამიანს, ჩვენ ერთი კვირის წინ წარვადგინეთ დასკვნა, რომ იარაღზე კობა კოშაძის ანაბეჭდები არ ამოსულა.

დღეს ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთი დასკვნა, სადაც წერია, რომ იარაღზე, მჭიდზე და ვაზნებზე არც დნმ კვალი არ არის ამოსული კოშაძის. ბატონო ივანიშვილო, ბატონო თადუმაძე, დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ კობა კოშაძე.

მე მინდა მივმართო იმ 4 პოლიციელს, რომლებმაც მისცეს ჩვენება და ჩაუდეს კოშაძეს იარაღი. მე მაქვს თქვენი პირადი მონაცემები, მე დღეს წავიკითხავ მხოლოდ ამ ადამინების გვარებს. ესენი არიან: დეტექტივი ნეფარიძე, კოპაძე, აწკარუნაშვილი და ნიჟარაძე. თქვენ ვადა გაქვთ ორშაბათს საღამომდე მისცეთ ჩვენება, ვინ დაგავალათ ჩაგედოთ იარაღი კოშაძისთვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამას, სამშაბათს მე მეჭირება ხელში ოთხივეს ფოტო, რომლითაც აჭრელდება სოციალური ქსელი”, – განაცხადა ჩალაგაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრი კობა კოშაძე ივლისში დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.