“სამწუხარო ფაქტია, რომ არ არის ურთიერთგაგება მთავრობასა და ოპოზიციას შორის. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვისწავლოთ მოსმენა ერთმანეთის”,-ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ელჩებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
შეხვედრაზე ელჩებმა მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადეს ილია მეორეს, მათი მხრიდან აღინიშნა, რომ ეკლესიის და პირადად მისი უწმინდესობის როლი საქართველოს განვითარებაში დიდია.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ელჩებს ვიზიტისთვის და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მოთმინებით და ურთიერთგაგებით შესაძლებელია იმის მიღწევა, რაც ქვეყანას სჭირდება.
,,ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა მრავალი პრობლემა არის სახელმწიფოებში და მათ ურთიერთობებში. მოგეხსენებათ, არაერთი პრობლემა აქვს საქართველოსაც. უპირველეს ყოვლისა კი ის, რომ ტერიტორიული მთლიანობაა დარღვეული. 20 % – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ჯერჯერობით არ არის ჩვენი კონტროლის ქვეშ. მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი და აფხაზეთიდან ამირჩიეს საქართველოს პატრიარქად 42 წლის წინ, ბუნებრივია, ეს მხარე მეტად მტკივნეულია ჩემთვის.სამწუხარო ფაქტია ისიც, რომ არ არის ურთიერთგაგება მთავრობასა და ოპოზიციას შორის. უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა ვისწავლოთ მოსმენა ერთმანეთისა. მოსმენით და ურთიერთგაგებით ჩვენ მივაღწევთ იმას, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას”,- აღნიშნა საქართველოს პატრიარქმა.