“სანამ გადაწვავს პარლამენტს, ეგებ უშველოს მისმა პატრონმა და ივანიშვილმა ისევ ჩაკიდოს ხელი და ასე ხელჩაკიდებულმა იარონ, ოღონდ “ნაციონალურ მოძრაობასაც” და მასთან ხელჩაკიდებულ კობახიძესაც ძალიან მალე დავასრულებ”- ასე პასუხობს დეპუტატი ეკა ბესელია, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ეკა ბესელიას დახმარების ხელი უნდა გაუწოდოს.
ეკა ბესელიას თქმით, კობახიძე ცდილობს შეინარჩუნოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი, საკითხი მწვავედ დგას და ამ მიზნით გაურიგდა, როგორც ყოფილ ხელისუფლებას, ასევე წინა რეჟიმის ჯალათებს.
“კობახიძემ სწორედ იმიტომ, რომ შეენარჩუნებინა თანამდებობა, რაც ფაქტობრივად ისედაც დაკარგული აქვს, არამარტო “ნაციონალურ მოძრაობას” და “ევროპულ საქართველოს”გაუწოდა ხელი, არამედ ადეიშვილის და სააკაშვილის ჯალათებსაც ბოლომდე გაუწოდა ხელი. ჯალათებისა და მოძალადეებისთვის გაწვდილ ხელს მე არასდროს მივიღებ. დავასრულე კობახიძე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე. დავასრულე იმ სხდომაზე, როდესაც ხელჩაკიდებული მოიყვანა პარტიის თავმჯდომარემ და არ მივიღე მისი ბოდიში, რომელიც იმიტომ მოიხადა, რომ თანამდებობა არ დაეტოვებინა. ახლა დარჩენილია მისი ფორმალური წასვლის საკითხი და სანამ გადაწვავს პარლამენტს, ეგებ უშველოს მისმა პატრონმა და ივანიშვილმა ისევ ჩაკიდოს ხელი და ასე ხელჩაკიდებულმა იარონ, ოღონდ “ნაციონალურ მოძრაობასთან” და მასთან ხელჩაკიდებულ კობახიძესაც ძალიან მალე დავასრულებ”, – განაცხადა ბესელიამ.