ნაციონალურ მოძრაობას ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის დაასახელებს ზუგდიდის მერობის კანდიდატად. დღევანდელ შეკრებაზე ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭომ ეს საკითხიც განიხილა, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.განიხილება ორი კანდიდატურა – სანდრა რულოვსი და ნიკა მელია. საბოლოო გადაწყვეტილებას პარტია სავარაუდოდ 24 მარტს ყრილობაზე მიიღებს, რომელზეც პარტიის ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. ამ პოსტზე მიხეილ სააკაშვილმა მხარი გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა.
ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები მაისში გაიმართება. ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება გასული წლის სექტემბერში დაწერა.
მანამდე რუსთავი2–მა გამოაქვეყნა ჩანაწერი, სადაც ლაშა გოგია ბიზნესმენთან კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, „კურიერის“ ხელთ აღმოჩნდა ფარული ჩანაწერი, სადაც ერთ-ერთი ბიზნესმენი მერს კორუფციაში ამხელს და მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვდა. „შაბათის კურიერის” მიერ მოპოვებულ ჩანაწერში ისმის თავად გოგიას საუბარიც, რომელიც თანხის აღებას არ უარყოფს. ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338 -ე მუხლით, ქრთამის აღების ფაქტზე დაიწყო.