აშშ–ს კონგრესმა გამოაქვეყნა კანონპროექტი “კრემლის აგრესიისგან აშშ–ს უსაფრთხოების დაცვის შესახებ“, რომელიც ამერიკელმა სენატორებმა ორი კვირის წინ დააანონსეს. ეს არის მეორე, უფრო მკაცრი ვერსია ეგრეთწოდებული “სანქციები ჯოჯოხეთიდან“ (bill from hell) კანონპროექტისა, რომელიც პირველად გასული წლის აგვისტოში გამოაქვეყნეს .
წინასწარ ცნობილი იყო, რომ დოკუმენტი რუსეთის სახელმწიფო ვალთან დაკავშირებული ოპერაციების აკრძალვას, რუსეთის ნავთობსაბადოების დამუშავებაში მონაწილეობისა და საზღვარგარეთ რუსეთის ენერგეტიკულ პროექტებში მონაწილეობის აკრძალვებს ითვალისწინებდა, ასევე სანქციებს რუსული ბანკების წინააღმდეგ, რომლებიც “ხელს უწყობენ სხვა ქვეყნებში დემოკრატიული ინსტიტუტების ნგრევის მცდელობას“, სანქციებს იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ვლადიმერ პუტინის ინტერეებით მოქმედებენ , რუსეთის კიბერსექტორის და გემთმშენებლობის წინააღმდეგ.
კანონპროექტში, რომელიც კონგრესის ვებგვერდზე ოთხშაბათს განთავსდა ნათქვამია:
• ვადა, რომელიც აშშ–ს პრეზიდენტს ეძლევა რუსეთის სახელმწიფო ვალის წინააღმდეგ სანქციების შემოსაღებად 90–ის ნაცვლად 60 დღით განისაზღვრება. თავად აკრძალვა კი კანონის ძალაში შესვლიდან 90 დღეში უნდა ამოქმედდეს.
• სახელმწიფო ვალი განისაზღვრება როგორც ობლიგაციები 14 დღეზე მეტი მიმოქცევის ვადით, გამოშვებული რუსეთის ბანკის, ნაციონალური კეთილდღეობის ფონდის ან ფინანსთა სამინისტროს მიერ; სავალუტო სვოპები 14 დღეზე მეტი ვადით, გამოცემული რუსეთის საფინანსო ინსტიტუტების მიერ რუსეთის მთავრობის სახელით ანდა აშშ–ს მიერ განხილული, როგორც რუსეთის სახელმწიფო ვალი.
• აკრძალვას ექვემდებარება საზღვარგარეთ რუსულ გაზთან დაკავშირებულ პროეტქებში, ასევე რუსეთში ნავთობრესურსების გადაუშავებასთან დაკავშირებულ პროექტებში ინვესტირება 1 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულებით, ან 12 თვის განმავლობაში ჯამში 5 მლნ დოლარზე მეტი ღირებულებით, ასევე საზღვარგარეთ რუსეთის ენერგეტიკულ პროექტებში მონაწილეობა, რომელთა ღირებულება 250 მლნ დოლარს აღემატება.
• აშშ–ს პრეზიდენტმა უნდა განსაზღვროს ბანკების სია, რომელთა მიმართაც სანქციები დაწესდება.
• ქერჩის სრუტეში უკრაინელი მეზღვაურების დაკავების საპასუხოდ აშშ–ს პრეზიდენტმა უნდა შემოიღოს სანქციები რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მინიმუმ 24 უფროსი ოფიცრის წინააღმდეგ, რომლებიც ადრე აშშ–ს სანქციების სიაში არ მოხვედრილან.
• არაუგვიანეს 90 დღისა კანონის ძალაში შესვლიდან აშშს სახელმწიფო მდივანმა უნდა დაადგინოს, შეესაბამება თუ არა რუსეთი ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს კრიტერიუმებს.
ახალი კანონპროექტი, რომელიც ხუთმა ამერიკელმა სენატორმა 13 თებერვალს დააანონსა, პასუხია რუსეთის ჩარევაზე საზღვარგარეთ დემოკრატიულ პროცესებში, დამღუპველ გავლენაზე სირიაში და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაზე, მათ შორის ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტზე. როგორც კანონპროექტის ერთ–ერთი ავტორი, რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი ამბობს, ახალი სანქციები ყველაზე მკაცრია, მათ შორის, რაც კი აქამდე ამერიკას რუსეთის მიმართ დაუწესებია.