სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საოკუპაციო ხაზთან არსებული პოლიციის საგუშაგოს გადაწევაზე განმარტებას აკეთებს.
სუსში აცხადებენ, რომ “საუბარია პოლიციის უკვე არსებული საგუშაგოს რამდენიმე ასეული მეტრით გადატანაზე, რაც განპირობებულია იმით, რომ ამ მონაკვეთზე საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა მოქალაქეებისთვის ხდება მხოლოდ ქვეითად და რამდენიმე ასეული მეტრით საფეხმავლო მანძილის შემცირება მათთვის იქნება არსებითი შეღავათი”. ამის შესახებ “ნეტგაზეთი” წერს.
მანამდე ამ თემაზე ოსურმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართული პოლიციის კიდევ ერთი ბლოკ-პოსტი სოფელ სინაგურთან გაიხსნა. ქართული მხარის ცნობითვე, 2018 წლის მაისში მოხდა ამის შესახებ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ყველა მონაწილის ინფორმირება.
“ასევე, ამის შემდეგაც საუბარი რამდენჯერმე იყო IPRM-ის (ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის) ფორმატის მექანიზმებით. ამ ეტაპზე მიმდინარეობის მოსამზადებელი სამუშაოები”, – აცხადებენ სუს-ში.
შეგახსენებთ, ოსურმა მხარემ რამდენიმე დღის წინ მოითხოვა, სოფელ ჩორჩანასთან მდებარე ქართული საგუშაგო აეღოთ, რაზეც საქართველოს მხრიდან იყო პასუხი: ბლოკ-პოსტის დაშლის საკითხი არც კი განიხილება.