საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს მისივე წევრების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას 2024 წლის ბოლომდე. ამ შინაარსის განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააცნო. სხდომას მმართველი პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.
კობახიძემ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრების მიერ გუნდთან შეუთანხმებლად მომზადებული კანონპროექტი ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის იმ დებულებებს, რომლებიც სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად შემუშავდა ევროსაბჭოს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე.
პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ინიციატივის გაზიარების შემთხვევაში, საერთო სასამართლოების სისტემაში განახევრდება მოსამართლეთა რაოდენობა, გაღრმავდება სასამართლოების გადატვირთულობის და საქმეთა განხილვის გაჭიანურების პრობლემა და იმ პირობებში, როცა საერთაშორისო პარტნიორების დასკვნით, მოსამართლეთა რაოდენობა სულ მცირე ასით უნდა გაიზარდოს, შესაძლოა, სასამართლოს პარალიზებაც კი გამოიწვიოს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მზად არიან დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე, მოსამართლეთა დანიშვნის საკითხზე მოამზადონ კონსტიტუციასთან და ევროსაბჭოს რეკომენდაციებთან შესაბამისი წინადადებები, რომლებიც არ გააღრმავებს სასამართლოების გადატვირთულობის პრობლემას. ამ მიზნით კი მიმართავენ ვენეციის კომისიას, პროცესში ჩაერთოს ინიციატივის შემუშავების საწყის ეტაპზევე.
ცნობისათვის, პარლამენტის წევრთა კანონპროექტის მიხედვით, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს, იუსტიციის საბჭომ 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეაჩეროს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესება და ისინი გამოსაცდელი ვადით დანიშნოს.