საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან დაკავშირებულ კანონპროექტს უკან გაიწვევს

{{ARTICLEIMAGE}}
საპარლამენტო უმრავლესობამ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის ცვლილებების კანონპროექტის უკან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ. განაცხადა.  

“ვიდრე ამაზე პარლამენტს გარეთ ძალიან სერიოზული და შეიძლება ითქვას, ხელოვნური აჟიოტაჟი იყო, გუნდის შიგნით მიმდინარეობდა რეალური არგუმენტებით გაჯერებული მსჯელობა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს კანონპროექტი განხილული აღარ იქნება, ანუ გაწვეული იქნება და ამისი არგუმენტები იყო ძალიან მყარი, მაგრამ მეორე მხრიდანაც ძალიან სერიოზული არგუმენტები იყო”, განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომლის ინიციატორებიც დეპუტატები გურამ მაჭარაშვილი და რატი იონათამიშვილი არიან, ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. დღესვე სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა მცდელობაა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის გვერდის ავლით მოხდეს ადამიანების დასაქმება და თანამშრომლების გათავისუფლება.

“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის საჯარო მოხელის სტატუსის მოხსნას და მათი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებთან გათანაბრებას ითვალისწინებდა. კანონპროექტი პრეზიდენტს საშუალებას აძლევდა სამსახურში კონკურსის გარეშე აეყვანა და თავისი შეხედულების მიხედვით გაეთავისუფლებინა ნებისმიერი პირი.